"რიგი გადაწყვეტილებები არ იყო ეკონომიკურ შედეგზე ორიენტირებული და პოლიტიკურადაც დამაზიანებელი იყო მმართველი გუნდისთვის, ეს იყო კონფლიქტის ერთ-ერთი მიზეზი"

იყო მთელი რიგი გადაწყვეტილებები, რომლებიც მე მიმაჩნდა უფრო პოლიტიკურად დატვირთული, ვიდრე შედეგზე ორიენტირებული, ასეთ გადაწყვეტილებებს არ ვეთანხმებოდი და არ ვიღებდი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა.

გიორგი ქობულიას თქმით, ის დეტალებზე საუბარს არ აპირებს, თუმცა გადაწყვეტილებების მიღების დროს, რიგ შემთხვევებში მას გუნდისგან მხარდაჭერა არ ჰქონდა. ამის შესახებ მან კითხვაზე - რა სხვაობა იყო მასსა და მმართველი პოლიტიკური გუნდის ხედვებს შორის - საპასუხოდ განაცხადა.

„არც დღეს და არც მომავალში დეტალებზე საუბარს არ ვაპირებ. არ მგონია, რომ ეს კორექტული, პროფესიონალური იქნება ჩემი მხრიდან. ამასთან ერთად, ზოგადად, მინდა ვთქვა, იყო გადაწყვეტილებები, რომლებიც არა მარტო შეიძლება პოლიტიკურად იყო დატვირთული და არა ეკონომიკურ შედეგზე ორიენტირებული, არამედ ამავე დროს, ჩემი აზრით, პოლიტიკურადაც, დამაზიანებელი იყო ჩვენთვის, როგორც მმართველი გუნდისთვის. ამაზეც მინდა ვთქვა, რომ ასეთი გადაწყვეტილებები განსაკუთრებით მიუღებელი იყო ჩემთვის. სადაც არც ეკონომიკური შედეგი იყო და ჩემი აზრით, პოლიტიკურადაც დამაზიანებელი იყო. ეს იყო, რა თქმა უნდა, კონფლიქტის ერთ-ერთი მიზეზი. არსებობდა მთელი რიგი გადაწყვეტილებები, რომლებიც მე სწორად, მართებულად მიმაჩნდა და რომელთა მიღებაც მიჭირდა, იმიტომ, რომ საკმარისი მხარდაჭერა არ მქონდა,“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ გადაცემაში „ფორბსის კვირა“.