"ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობების მაქსიმალურად გაუმჯობესებას"

ნებისმიერი საზოგადოებისა და ერის სახელმწიფოებრივი აზროვნება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რა დამოკიდებულება აქვს მას თავისი ჯარისა და ჯარისკაცების მიმართ, რომლებიც თავიანთი სიცოცხლის ფასად იცავენ სამშობლოს თავისუფლებას, მის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ “შაბათის ქრონიკაში“ სტუმრობისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, მთავრობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სამხედრო მოსამსახურეებისთვის სოციალური პირობების მაქსიმალურად გაუმჯობესებას.

„რამდენიმე დღის წინ ჩვენ დავაანონსეთ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა. მახათას მთაზე აშენდება ახალი საცხოვრებელი უბანი ჩვენი ოფიცრებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის. საუბარია 700-მდე ოჯახზე, თუმცა ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი. მას შემდეგ, რაც ეს პროგრამა დასრულდება ჩვენ დავიწყებთ მყისიერად მეორე პროგრამას. ამ შემთხვევაში ეს იქნება გათვლილი 2000 ოფიცერზე და ეს არის სწორედ ჩვენი სულისკვეთება. ჩვენ გვსურს, რომ სოციალური პაკეტი და ამავე დროს რწმენა ნათელი მომავლის აუცილებლად იყოს ჩვენს ოფიცრებში, ჩვენს ჯარისკაცებში. ეს არის განსაკუთრებულად დასაფასებელი ხალხი. მე ვარ განსაკუთრებით ამაყი, როდესაც ვისმენ ჩვენი უცხოელი პარტნიორებისგან შეფასებას ქართველი ჯარისკაცის შესახებ. ეს არის ყოველთვის საუკეთესო და ეს არის მართლაც ძალიან დიდი სიამაყის მომგვრელი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს პროგრამა გაგრძელდება და ამ მიმართულებით არაერთი სიურპრიზი იქნება.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.