გიორგი ქობულია მზად არის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად მუშაობის 8-თვიანი ანგარიში პარლამენტს წარუდგინოს , თუკი ინტერესი იქნება. აღნიშნულთან დაკავშირებით გიორგი ქობულიამ ვრცლად ისაუბრა და განაცხადა, რომ ის თავს ხალხის წინაშე ვალდებულად თვლის.
„მე მგონია, რომ დღეს ეკონომიკის სამინისტრო თავისი შესაძლებლობებით და მუშაობით არის ერთ-ერთ საუკეთესო ფორმაში ბოლო წლებთან შედარებით. თუ ლაპარაკი ეხება სამინისტროს მუშაობის შედეგიანობას, მე მზად ვარ წარვადგინო ანგარიში, თუ რა იყო გაკეთებული და რა შედეგებს მივაღწიეთ. მზად ვიქნებოდი წარმედგინა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტისთვისაც, თუ ამის სურვილი იქნებოდა რა თქმა უნდა“,-აცხადებს ქობულია.
ყოფილი მინისტრის თქმით, ის თავს მოვალედ თვლის პარლამენტის წინაშე.
„ მე მოვალედ ვთვლი ჩემ თავს პარლამენტის წინაშე, რადგანაც პარლამენტი არის ჩვენი მოსახლეობის წარმომდგენლობა-ვის წინაშეც ვთვლი, რომ ჩემი ანგარიში უნდა წარვადგინო. თუ ამის ინტერესი იქნებოდა, მე მზად ვიქნებოდი ეს გამეკეთებინა“,-აცხადებს ქობულია გადაცემაში „ფორბსის კვირა“.
ამასთან, ქობულია აღნიშნავს, რომ დღევანდელი მმართველი ძალა არის ერთადერთი ლეგიტიმურად არჩეული ძალა და ის, რომ დღეს გიორგი ქობულია„მმართველ გუნდში არ ეწერება“, გარკვეულწილად ნიშნავს, რომ ეს ხალხის გადაწყვეტილებაც არის.
"რამდენად სწორად წავიდა ქობულია, თუ არასწორად წავიდა, არ არის იმდენად სალაპარაკო და არ არის ბევრი გასარჩევი",-აცხადებს ქობულია.