ლევან ბერძენიშვილი : რუსეთს თავისუფალი ვაჭრობის გამო, ვერც ოკუპაციას ვაპატიებდით და ვერც ევროპაზე ვერ ვიტყოდით უარს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, რუსეთთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობის გაუქმება, საქართველოს დიდ პრობლემას ვერ შეუქმნის.

ბერძენიშვილის თქმით, რუსეთის მსგავსი გადაწყვეტილება მოსალოდნელიც იყო.

,,ამ ნაბიჯის პროგნოზირება შეიძლებოდა და მთავრობაც დარწმუნებული იყო, რომ ასეც მოხდებოდა, რადგან მოლდოვასთან ანალოგიური ნაბიჯი რუსეთმა უკვე გადადგა. მაგრამ, ჩვენი არჩევანი ევროპასთან ურთიერთობა იყო, 500 მლიონიანი ბაზრის სასარგებლოდ. გასაგებია, რომ ამ არჩევანს მოჰყვება გარკვეული სირთულეები, შესაბამისი ეკონომიკური პროცესები, რომელიც არ აისახება ქართულ-ევროპულ ურთიერთობებზე და საერთოდ არ აისახება ქართულ ეკონომიკაზეც. იმის გამო, რომ რუსეთთან თავისუფალი ვაჭრობა შეგვენარჩუნებინა, ვერც ოკუპაციას ვაპატიებდით და ვერც ევროპაზე ვერ ვიტყოდით უარს", - განაცხადა ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან.

რუსეთი საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას აჩერებს. "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, რუსეთის ეკონომიკის სამინისტრომ შეიმუშავა პროექტი, რომელიც გულისხმობს საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეჩერებას.

საქართველოსა და რუსეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ხელი 1994 წლის 3 თებერვალს მოეწერა.