ვაშინგტონი ჩინეთიდან იმპორტირებულ 200 მლრდ დოლარის პროდუქციაზე აქამდე არსებულ 10%-იან გადასახადს 25%-მდე გაზრდის. ახალი საბაჟო ტარიფები 10 მაისიდან ამოქმედდება. ამის შესახებ თავად ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„10 თვის განმავლობაში ჩინეთი შტატებს უხდიდა საბაჟო ტარიფებს 50 მლრდ დოლარის მაღალტექნოლოგიურ პროდუქციაზე 25%-ის ოდენობით და 10%-ის ოდენობით 200 მილიარდის პროდუქციაზე. ეს ტარიფები აისახა ჩვენ უზარმაზარ ეკონომიკურ ზრდაზე. ეს 10%-იც გაიზრდება 25%-მდე პარასკევს“, - დაწერა ტვიტერზე დონალდ ტრამპმა.
გარდა ამისა, მისივე თქმით, დამატებით 325 მილიარდის ჩინურ პროდუქციაზე ახლა არ მოხდება ტარიფის გაზრდა, თუმცა 25%-მდე საბაჟო ტარიფი დროთა განმავლობაში მათზეც გაიზრდება.
„მოლაპარაკებები სავაჭრო შეთანხმებაზე ჩინეთთან გრძელდება, თუმცა პროცესი მიდის ძალიან ნელა“, - ხაზი გაუსვა დონალდ ტრამპმა.