ფულის გათეთრებაზე შემოწმებისას 2018 წელს 6 ბანკი დაჯარიმდა

ფულის გათეთრებაზე შემოწმებისას 2018 წელს 6 კომერციული ბანკი დაჯარიმდა.

ამის შესახებ ეროვნული ბანკის 2018 წლის ანგარიშშია აღნიშნული.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, 2018 წელს შემუშავდა „ეროვნული ბანკის ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის საზედამხედველო ჩარჩო“. დოკუმენტი განსაზღვრავს რისკებზე ორიენტირებული ზედამხედველობის პროცესის ეფექტიანი ორგანიზების ძირითად პრინციპებს, რომელიც საფუძვლად უდევს ეროვნული ბანკის საზედამხედველო ფუნქციების შესრულებას.

„რისკზე დაფუძნებული მიდგომის გათვალისწინებით, შეირჩა და შემოწმდა 6 კომერციული ბანკი და დაკისრებულმა საჯარიმო სანქციებმა ჯამურად 596 000 ლარი შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში ასევე განხორციელდა 38 ვალუტის გადამცვლელი პუნქტის და 2 მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადგილზე ინსპექტირება. დაკისრებულმა საჯარიმო სანქციების ჯამურმა მოცულობამ 748 300 ლარი შეადგინა, ამასთან, ერთი ვალუტის გადამცვლელ პუნქტს გაუუქმდა რეგისტრაცია. წლის განმავლობაში ასევე განხორციელდა 4 საბროკერო კომპანიის და 4 რეგისტრატორის შემოწმება, სადაც დაკისრებულმა საჯარიმო სანქციების ჯამურმა მოცულობამ 107 500 ლარი შეადგინა.

წლის ბოლოს, ასევე, დაიწყო 9 საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ადგილზე შემოწმება. საგადახდო მომსახურების პროვაიდერების სექტორის რისკის გათვალისწინებით, აღნიშნული შემოწმებები კომპლექსური ხასიათისაა და მოიცავს შიდა კონტროლის და მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებული ყველა ძირითადი მიმართულების შესწავლას,“-ნათქვამია ანგარიშში.

თაია არდოტელი