საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, საგზაო უსაფრთხოების ღონისძიებებისთვის 2019 წელს 15.5 მილიონი ლარი დაიხარჯება. როგორც ქარსელაძემ ჟურნალისტებს გაერო-ს საგზაო უსაფრთხოების მე-5 გლობალური კვირეულის გახსნის ღონისძიების შემდეგ განუცხადა, თანხების გაზრდა წლის ბოლომდე კიდევ იგეგმება.
„მნიშვნელოვანი კომპონენტი საგზაო უსაფრთხოების არის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, საგზაო უსაფრთხოების მონიშვნების და სხვა ასპექტების რეგულირება. ამ მიმართულებით ნაყოფიერი 2018 წელი გვქონდა. ყველა საერთაშორისო გზაზე მოხდა ინსპექტირება, რომლის შედეგადაც დაწყებული ღონისძიებების ფარგლებში 7.5 მილიონი ლარი მარტო 2018 წელს დაიხარჯა. უპრეცედენტოა 2019 წელი, სახელმწიფო ბიუჯეტში პირველად 9 მილიონი ლარის გამოყოფა მოხდა კონკრეტულად საგზაო უსაფრთხოების ღონისძიებებისთვის, რომლის ფარგლებშიც უკვე სატენდერო პროცედურებია დაწყებული სამცხე-ჯავახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში 70 კმ ბაგირების მოსაწყობად. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ნაწილი საგზაო უსაფრთხოების, მაგრამ ამავდროულად ყველაზე ქმედითი, რომელიც ნამდვილად იცავს მანქანებს კონკრეტული ავტოსაგზაო შემთხვევების დროს გზიდან გადავარდნისაგან. მთლიანობაში, 2019 წელს 15.5 მილიონი ლარი არის გამოყოფილი, რაშიც შედის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები, როგორც მოგახსენეთ და ასევე მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში გამოყოფილი თანხები. თუმცა ვფიქრობთ, წლის ბოლომდე ეს თანხებიც გაიზრდება",- განაცხადა ქარსელაძემ.
მისივე თქმით, საგზაო დეპარტამენტს შემუშავებული აქვს ტექნიკური დავალება და ამჟამად ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს მოლაპარაკებები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, რათა მათი დახმარებით მოხდეს ახალი საგზაო კანონის და ახალი საგზაო სტანდარტისა და საგზაო უსაფრთხოების სტანდარტის შექმნა.
ასევე ქარსელაძის თქმით, მზადდება ტექნიკური დავალება. საგზაო განათების ნაწილში პროექტების შესყიდვა მოხდება, მათ შორის, ინოვაციური და ენერგოდამზოგველი, ასევე სხვა ტიპის ტექნოლოგიური გაუმჯობესებები დაინერგება.
რაც შეეხება კონკრეტულ პროექტებს, ქარსელაძემ გამოყო ქუთაისის შემოვლითი გზისა და ქვეშეთი-კობის მონაკვეთის პროექტები.
„გამოვყოფ ქუთაისის შემოვლითი გზის პროექტს, სადაც გათვალისწინებულია ორი დამატებითი ზოლის მოწყობა, რაც 2020 წლისთვის დასრულდება. ეს იქნება ხსნა იმისთვის, რომ მაგისტრალური გზა ორივე მხრიდან ფუნქციონირებდეს. ასევე მნიშვნელოვანია ქვეშეთი-კობის მონაკვეთის პროექტის აღნიშვნა, სადაც არის შეფერხებები, ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზიანებები, ავტოსაგზაო შემთხვევები. ამჟამად დასრულებისკენ არის მისასვლელი გზის ტენდერი, ხოლო გვირაბის ტენდერი მაისის ბოლოსთვის იხსნება და ამ მიმართულებითაც ძალიან ინტენსიური სამუშაოები ჩატარდება“, - განაცხადა ქარსელაძემ.