გზებზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საქართველოს სპეციალური უწყების შექმნა სჭირდება. ამის შესახებ „ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარემ ეკა ლალიაშვილმა ჟურნალისტებს გაერო-ს საგზაო უსაფრთხოების მე-5 გლობალური კვირეულის გახსნის ღონისძიების შემდეგ განუცხადა.
როგორც ლალიაშვილმა აღნიშნა, მხოლოდ კანონის აღსრულებით შედეგს ვერ მივიღებთ.
„მეტად მნიშვნელოვანია სისტემური მიდგომა, რომელიც ქვეყანას ძალიან სჭირდება. ასეთი გამოცდილება არის ევროპის 28 ქვეყანაში, როდესაც წამყვანი უწყებაა პასუხისმგებელი საგზაო შემთხვევების შემცირებაზე და მას გააჩნია როგორც კოორდინაციის ფუნქცია, ასევე შედეგების მონიტორინგის და შეფასების ფუნქცია. ეს უწყება საქართველოში შესაქმნელია. ყველა ინტერვენციას გააჩნია თავისი ლიმიტი, მხოლოდ კანონის აღსრულებით ვერ მივიღებთ იმ შედეგს, რომელიც გვინდა რომ გვქონდეს. ამას უნდა დაემატოს უსაფრთხო ინფრასტრუქტურის დიზაინი, უსაფრთხო ტრანსპორტი, ადამიანის ქცევის შეცვლა და ეს საბოლოო ჯამში მოგვცემს შემცირებულ ტრავმებს და სიკვდილობას გზებზე. გვჭიდება უწყების შექმნა და მისთვის უფლებების მინიჭება, რომელიც პასუხისმგებელი იქნება გზებზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა ლალიაშვილმა.
ცნობისთვის, გაერო-ს საგზაო უსაფრთხოების მე-5 გლობალური კვირეულის სლოგანია - „ხმა აიმაღლე, გაუფრთხილდი სიცოცხლეს“, ხოლო თემა - „ლიდერობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ - გულისხმობს საჯარო, სამოქალაქო თუ კერძო სექტორების ლიდერობითა და გაერთიანებული ძალისხმევით ქვეყანაში გზებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფას.