გიორგი აბაშიშვილი მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა

ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი აბაშიშვილი მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც აბაშიშვილმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, საუბრის ძირითად თემას ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი შეთანხმება წარმოადგენდა.

"საუბარი იყო მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შექნილ იმ შესაძლებლობაზე, რომელიც მათ უჩნდებათ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან გამომდინარე. მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების მხრიდან დასახელებული იყო ის საკითხები, რომელთა მოგვარებაც მათ უფრო მეტად დაეხმარება, რომ ერთი მხრივ, შეძლონ ადგილობრივი წარმოების პროდუქციის დამკვიდრება შიდა ბაზარზე და მეორე მხრივ, მოახდინონ მისი ექსპორტირება. ფაქტია, რომ რამდენიმე მიმართულებით მუშაობის გაძლიერებაა საჭირო. ჩანს, რომ საჭიროა უფრო მეტი ინფორმირება მცირე და საშუალო საწარმოების წარმომადგენლების იმ საკითხებზე, რომლებიც შეეხება ტექნიკურ დახმარებას იმისთვის, რომ მათ მიერ წარმოებულმა პოდუქციამ დააკმაყოფილოს ის სტანდარტები, რაც საჭიროა ევროკავშირის ბაზარზე პროდუქციის გასატანად", - განაცხადა აბაშიშვილმა.

მისივე განმარტებით, საუბარი შეეხო საკრედიტო რესურსების უფრო მეტად ხელმისაწვდომობას, რაც წარმოების განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. შეხვედრას 30-მდე მცირე კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.