რეგულაციების გვერდის ავლა თუ მარკეტინგი - რა გზას მიაგნეს საფინანსო ინსტიტუტებმა სესხის გაცემის გამარტივებისთვის

საბანკო რეგულაციების ამოქმედებიდან 4 თვის შემდეგ საფინანსო ინტიტუტებმა მოქალაქეებისთვის სესხის აღების გამარტივების ახალ გზას მიაგნეს. კერძოდ, საფინანსო სექტორი ქმნის ახალ სპეციალურ ბაზას იმ დასაქმებული მოქალაქეების შესახებ, რომლებიც ხელფასს დღემდე „ხელზე იღებენ“.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის იანვრიდან საფინანსო სექტორისთვის ამოქმედდა რეგულაციები, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს შემოსავლის დადასტურების გარეშე, სესხის აღება აეკრძალათ. ასევე შეიცვალა სესხის კოეფიციენტები და მისი მოცულობის ლიმიტიც. აღსანიშნავია, რომ რეგულაციების ამოქმედებამ გარკვეული პრობლემები უკვე შეუქმნა ბიზნესს (ტექნიკის მაღაზიები, სამშენებლო სექტორი) და ასევე იმ მოქალაქეებს, რომელთაც შემოსავალი ოფიციალურად არ უფიქსირდებათ.

სწორედ ამ მოქალაქეებისთვის, საფინანსო ინსტიტუტებმა დაიწყეს გარკვეული მომსახურების შეთავაზება, რომელიც მათ სესხის აღების თუ განვადების პროცესს გაუმარტივებს. კერძოდ, ფინანსური ინსტიტუტის წარმომადგენლები „კარდაკარის პრინციპით“ დადიან სილამაზის სალონებში, კვების ობიექტებში, სადაც დიდი ალბათობით დასაქმებულები შემოსავალს „ხელზე იღებენ“ და მათ სპეციალურ ბაზაში გაწევრიანებას სთავაზობენ.

ტექსტი ასეთია: „თქვენი პირადი ნომერი, სახელი/გვარი და ფოტოსურათი დაგვჭირდება, რათა ჩაგსვათ დასაქმებულთა ბაზაში და როდესაც სესხის აღება ან განვადების გაკეთება დაგჭირდებათ, ცნობების და სახელფასო ამონაწერის წარდგენა აღარ დაგჭირდებათ“.

„ბიზნესპრესნიუსი“დაინტერესდა, როგორ აფასებენ ამ ბაზის შექმნას. ხედავენ თუ არა რისკს ექსპერტები და არის თუ არა საფინანსო ინსტიტუტების ქცევა რეგულაციებისთვის გვერდის ავლა.

როგორც „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რისკი ნებისმიერი სესხის გაცემისას არსებობს, თუმცა, ის მიიჩნევს, რომ საფინანსო სექტორის ქმედებები ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშაა.

მეტიც, კეპულაძე მიესალმება, თუ ფინანსური ინსტიტუტები მოძებნიან გზას, რათა შეისწავლონ თვითდასაქმებულთა შემოსავლები და ჩათვალონ ისინი გადახდისუნარიანებად, რაც ოდნავ მაინც შეამცირებს იმ „სესხის გაუცემლობას“, რაც დღეს არის, რადგან სესხების გაცემა მნიშვნელოვნად არის შეზღუდული.

„თვითდასაქმებული ადამიანების შემთხვევაში კონკრეტული წესია გაწერილი, როგორ უნდა დადგინდეს, აქვს თუ არა კონკრეტულ ადამიანს შემოსავალი. ვვარაუდობ, რომ ამ წესის დაცვით მუშაობენ საფინანსო ინსტიტუტები, რადგან თუ პრობლემა შეიქმნა უკვე სებ-ში მოუწევთ იმის დამტკიცება, რომ ნამდვილად შემოსავლიან/გადახდისუნარიან პირს მისცეს სესხი და ამით სარისკო პორტფელი არ გაზარდეს. მეეჭვება სებ-მა თვალი დახუჭოს და გადაუხვიოს ამ რეგულაციებს, შესაბამისად, ბანკებს გარკვეული პროცედურის დაცვა მოუწევთ.

„რაც შეეხება ამ კონკრეტულ მომსახურებას, რაზეც ვსაუბრობთ, მარტივად რომ ვთქვათ, საფინანსო ინსტიტუტებმა გამოყვეს დამატებითი რესურსი, რათა წინასწარ შექმნან იმ ადამიანების მონაცემთა ბაზა, ვისი შემოსავლის დადასტურებაც შესაძლებელია. ანუ წინასწარ აკეთებენ ორგანიზებას. ეს ყველაფერი ჩვეულებრივი მარკეტინგისა და გაყიდვების ნაწილია. ხოლო თუ შემდეგ ამ სიაში ვინმე უპოვარი, შემოსავლის არმქონე ადამიანების ჩასმა მოხდა, ამას უკვე ზედამხედველი აკონტროლებს და თუ თავისივე შემოღებული რეგულაციების ადმინისტრირებას ვერ ახდენს, ეს უკვე ეროვნული ბანკის პრობლემაა,“-აღნიშნა კეპულაძემ.

თაია არდოტელი