სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებული რეგულაციების გამკაცრების კუთხით საკანონმდებლო დონეზე არაფერი შეცვლილა.
აღნიშნულ საკითხზე რეგულაციების გამკაცრების პირობა ხელისუფლებამ გასული წლის ზაფხულში, მას შემდეგ დადო, რაც სასკოლო ექსკურსიების დროს რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, მათ შორის 2018 წლის 9 ივნისს, თბილისიდან სასკოლო ექსკურსიაზე მიმავალი მიკროავტობუსი გომბორის უღელტეხილზე, ხევიდან გადავარდა და დაიღუპა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის მე-6 კლასის მოსწავლე. ხელისუფლების მიერ კანონმდებლობის დონეზე დაანონსებული ცვლილებების მიუხედავად, პარლამენტს ჯერ მიღებული არა აქვს “ბავშვის უფლებათა კოდექსი“, რომლის ერთ-ერთი თავი საჯარო ღონისძიებებში, მათ შორის სასკოლო ექსკურსიების დროს, ბავშვის უსაფრთხოების დაცვას ეხება.
როგორც ამ თემასთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განმარტავენ, ამ ეტაპზე ძალაშია ძველი რეკომენდაციები, რომელიც სკოლებში შარშან გაიგზავნა და სკოლას ავალდებულებს გადამყვანი კომპანიისგან ავტომანქანის ტექნიკური გამართულობისა და მძღოლის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები მოითხოვოს. ამავე რეკომენდაციებით, ჯგუფის შემადგენლობაში სრულწლოვანი პირი უნდა იყოს, რომელსაც პირველადი სამედიცინო დახმარების კურსი ექნება გავლილი.
“უსაფრთხოება პრიორიტეტია და რეკომენდაციები დავალების სახით ყველა დირექტორს აქვს მიღებული - სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე პასუხისმგებელი დირექტორია. როცა ექსკურსია თავად მშობლების მიერ არის ორგანიზებული, მათაც ამავე რეკომედაციებით უნდა იხელმძღვანელონ, თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენ მშობლებს რეგულაციებს ვერ დავუდგენთ. ჩვენი რეკომენდაციები გასათვალისწინებელია და მშობლებს შეუძლეთ ეს სახელმძღვანელოდ გამოიყენონ“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს ზოგადი განათლების სამმართველოს ხელმძღვანელმა ეკა ხუციშვილმა.
თავის მხრივ, “ბავშვის უფლებათა კოდექსის“ პროექტში, რომელიც ჯერ პირველი მოსმენითაც არ არის მიღებული, ნათქვამია, რომ საჯარო ღონისძიებებში ბავშვის მონაწილეობის ხელმძღვანელს სრულყოფილად უნდა ჰქონდეს მონაწილეთა მონაცემები, მათ შორის, ინფორმაცია ბავშვის სპეციალური საჭიროებების შესახებ, ინფორმაცია ღონისძიების ინსტრუქტორის, მეთვალყურეობის განმახორციელებელი პირის და გადამზიდველის კვალიფიკაციაზე, ტრანსპორტის გამართულობასა და ბავშვების განთავსების ადგილის საევაკუაციო გეგმის შესახებ. პროექტის მიხედვით, ღონისძიების გამართვის ადგილი, დრო და ხანგრძლივობა უნდა ეცნობოს შესაბამისი პოლიციის, სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურებს.
“ბავშვის უფლებათა კოდექსის“ პროექტის გათვალისწინებით, თუკი ბავშვების ჯგუფური ტრანსპორტირების დროს, დროებითი განთავსების ადგილებში და ორგანიზებულ ჯგუფებში ღონისძიების ორგანიზატორის მიერ არ არის უზრუნველყოფილი ექიმისა ან ექთნის 24 საათიანი მომსახურება, იმ პირთა შორის, რომლებიც იღებენ ბავშვების უსაფრთხოებაზე მეთვალყურეობის პასუხისმგებლობას, უნდა იყოს სულ მცირე ერთი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი, რომელსაც გავლილი აქვს პირველადი სამედიცინო დახმარების კურსი.
როგორც ცნობილია, სკოლებში სასწავლო პროცესი სრულდება და საგანმანათლებლო დაწესებულებები ექსკურსიების დაგეგმვას იწყებენ.