დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, აპრილში ახალი ავტომობილების გაყიდვები 1 პროცენტით შემცირდა. ამის მთავარ მიზეზებად, ბრექსიტთან დაკავშირებული გაურკვევლობა და რეგიონში ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელება სახელდება.
საკონსულტაციო ფირმა „LMC ავტომოტივის“ ინფორმაციით, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში გასულ თვეში 1.216 მილიონი ახალი ავტომობილი გაიყიდა. შედარებისთვის, შარშან აპრილში გაყიდვების მოცულობა 1.228 მილიონი იყო. გამოქვეყნებულ სტატისტიკაში შესულია როგორც (ძირითადი ბაზრების) ოფიციალური, ასევე მცირე ბაზრების სავარაუდო მონაცემები.
აპრილში კლების მიუხედავად, წლიური გადაანგარიშებით, ახალი ავტომობილების გაყიდვები 1.4 პროცენტით არის გაზრდილი. მარტში ზრდის წლიური მაჩვენებელი 1.427 პროცენტი იყო.
ქვეყნებს შორის წლიური მაჩვენებლით ესპანეთი და იტალია გამოირჩევიან. ზრდა დაფიქსირდა საფრანგეთშიც. მაგრამ სამაგიეროდ, გაყიდვები 1.1 პროცენტით შემცირდა გერმანიაში და 4.1 პროცენტით - ბრიტანეთში, რისი მიზეზიც ბრექსიტის ფაქტორია.