ოთარ დანელია: რუსეთის გადაწყვეტილება არის რეაქცია იმაზე, რომ საქართველოს ალტერნატიული ბაზარი გაეხსნა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას განცხადებით, რუსეთის მიერ საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შეჩერება არის რეაქცია იმაზე, რომ საქართველოს ალტერნატიული ბაზარი გაეხსნა.

ამის შესახებ ოთარ დანელიამ ჟურნალისტებს რუსეთის გადაწყვეტილების კომენტირებისას განუცხადა.

მინისტრის განცხადებით, პირველ რიგში სურს ხაზი გაუსვას იმას, რომ რუსეთში ექსპორტი არ დაკეტილა. "მოულოდნელი ეს გადაწყვეტილება არ იყო. გასაგებია ეს რეაქცია, გამომდინარე იქიდან, რომ როდესაც ევროპასთან ასოცირების შეთანხმებას ხელს ვაწერთ, ხელს ვაწერთ თავისუფალ სავაჭრო ურთიერთობას ევროპასთან. ამ პირობებში, ბუნებრივია, ეს შეიძლება გადახედილიყო. თუმცა, ამ ყველაფერს არეგულირებს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, რომლის წევრები ვართ ორივე სახელმწიფო. შესაბამისად, მე ვერ ვიტყოდი, რომ არის ექსპორტის შეჩერების რისკი. ეს გადაწყვეტილება გამოიწვევს თანაბარ პირობებში, როგორც იმპორტის, ასევე ექსპორტის დაბეგვრას. შესაბამისად, მე ვერ ვიტყოდი რომ ეს არის კატასტროფა, ეს არის უბრალოდ რეაქცია იმაზე, რომ ჩვენ ალტერნატიული ბაზარი გაგვეხსნა", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, ძირითადად რუსეთში საქართველოდან სოფლის მეურნეობის პროდუქტები გადიოდა და ეს გადაწყვეტილება სწორედ ამ პროდუქტებს შეეხება.