საქართველოში უქმე დღეების რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს - რა ცვლილება იგეგმება „შრომის კოდექსში“

პარლამენტში შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების ორი კანონპროექტია წარდგენილი, რომლის თანახმადაც ქვეყანაში უქმე დღეების რაოდენობა გაიზრდება.

კერძოდ, ერთ-ერთი კანონპროექტი, რომლის ავტორებიც პარლამენტის წევრები გია ჟორჟოლიანი და ბექა ნაცვლიშვილი არიან, 1-ლი მაისის უქმე დღედ გამოცხადებას გულისხმობს. როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, 1-ლი მაისი შრომის საერთაშორისო დღეა, რომელიც ევროპული ქვეყნების უმეტესობაში უქმე დღედაა გამოცხადებული.

პროექტის ავტორების შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება სახელმწიფოს მხრიდან შრომის და მშრომელი ადამიანების პატივისცემის გამოხატულება იქნება.

„ამავდროულად, ეს შრომის, როგორც საზოგადოების და ქვეყნის განვითარების ძირითადი ინსტრუმენტის აღიარებას წარმოადგენს. ამასთან ერთად, 1-ლი მაისის უქმე დღედ გამოცხადება წარმოადგენს სოლიდარობის გამოხატულებას, როგორც ქვეყნის შიგნით მშრომელი ადამიანების მიმართ, ასევე საერთაშორისო დონეზე,“-აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.

რაც შეეხება მეორე კანონპროექტს, მისი ერთ-ერთი ავტორი და ინიციატორი პარლამენტის წევრი ალექსანდრე ქანთარიაა. კანონპროექტის თანახმად, შრომის კოდექსის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ უქმე დღეების ჩამონათვალიდან ამოღებული იქნება 8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე და დაემატება - 14 მაისი ,,სამშობლოს დღე“.

გარდა 14 მაისის უქმე დღეს გამოცხადებისა, პროექტი თამარის ხსენების დღის - 14 მაისის ეროვნულ დღესასწაულად - სამშობლოს დღედ გამოცხადებას გულისხმობს.

„თამარის ხსენების დღე - 14 მაისი ეროვნულ დღესასწაულად - სამშობლოს დღედ - უნდა გამოცხადდეს და მასშტაბურად აღინიშნოს ყველა დიდ ქალაქსა და მუნიციპალურ ცენტრში, აგრეთვე უცხო ქვეყნებში მოქმედ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში. ეს დღე მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვის იქნება, რაც თანამედროვე ქართული სახელმწიფოს გაძლიერების და შემდგომი გამარჯვებების საფუძველი გახდება. ამასთან, ყოველ წელს ამ დღესასწაულის ცენტრი უნდა იცვლებოდეს და აქცენტი გაკეთდეს ერთ კონკრეტულ მუნიციპალიტეტზე ან რეგიონზე, სადაც მოხდება სამშობლოს დღის განსაკუთრებულად აღნიშვნა მოსახლეობისა და ქვეყნის ხელისუფლების მიერ,“-ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.

თაია არდოტელი