წლების განმავლობაში ხდებოდა მშენებლობები იქ, სადაც არ შეიძლება და ისე, როგორც არ შეიძლება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
აღნიშნული კომენტარი კალაძემ გურამიშვილის ქუჩაზე, მიწის მასის ჩამოშლის გამო მიმდებარე კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე გააკეთა.
„ჩვენი სამსახური ჩართული იქნება ყველანაირად და უსაფრთხოების ზომები დაცული იქნება. ზოგადად, ახლა ტენდენცია გახდა მშენებლობების გაჩერება, თუმცა მე ამ ადამიანებისაც მესმის, ქალაქში ბევრი არასწორი მშენებლობაა განხორციელებული და წლების განმავლობაში ხდებოდა მშენებლობები იქ, სადაც არ შეიძლება და ისე, როგორც არ შეიძლება. ყველა ადამიანს, როდესაც რაიმე მშენებლობა იწყება, აქვს განცდა, რომ იქ რაღაც არასწორია, შეცდომაა და ა.შ. ამ შემთხვევაში მიწა ჩამოიშალა და ალბათ, რაიმე შეცდომა იყო", - აღნიშნა კალაძემ.