მერიამ სატრანსპორტო სქემის შედგენის სახელმძღვანელო შეიმუშავა

ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა არასამთავრობო სექტორსა და საპროექტო კომპანიებს სატრანსპორტო სქემების შედგენის მეთოდური დოკუმენტის პროექტი გააცნო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მამუკა მუმლაძის თქმით, სახელმძღვანელო სარეკომენდაციო ხასიათისაა.

„ჩვენ გვინდა დაინტერესებულ პირებს სქემების მომზადებისა და მათი მერიასთან შეთანხმების პროცესი გავუმარტივოთ. დავამუშავეთ სარეკომენდაციო ხასიათის სახელმძღვანელო, რომელიც განმარტავს მშენებლობის პროცესში საგზაო ნიშნები და მოძრაობის ორგანიზების სხვა ტექნიკური საშუალებები როგორ უნდა განთავსდეს. ასევე, აქ მოცემულია საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემების 50-მდე მაგალითი. ჩვენ სიამოვნებით გავეცნობით მოსაზრებებს, რომლებიც მეთოდური დოკუმენტის დახვეწაში დაგვეხმარება“, - განაცხადა ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა, მამუკა მუმლაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, 2018 წლიდან, თბილისის მერია სამშენებელო და ქალაქგეგმარებით პროექტებზე ნებართვებს სატრანსპორტო სქემის მომზადებისა და ტრანსპორტის ზეგავლენის შეფასების შემდეგ გასცემს, რაც მშენებლობის მიმდებარედ საცობების თავიდან არიდებისა და საგზაო უსაფრთხოების ნორმების დაცვის შესაძლებლობას ქმნის. სქემას ტრანსპორტის საქალაქო სამსახური და საპატრულო პოლიცია ითანხმებენ.