მამუკა ბახტაძე საჯარო სექტორიდან კადრების გადინებაზე - უნდა ვიყოთ ფოკუსირებული, რომ მაღალი დონის პროფესიონალები შევინარჩუნოთ სახელმწიფო სექტორში

ნამდვილად უნდა ვიყოთ ფოკუსირებული, რომ მაღალი დონის პროფესიონალები შევინარჩუნოთ სახელმწიფო სექტორში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ "ინტერპრესნიუსს" საჯარო სექტორიდან კერძოში კადრების გადინების კომენტირებისას განუცხადა.

კითხვაზე, ხედავს თუ არა პრემიერი პრობლემას საჯაროდან კერძო სექტორში მაღალკვალიფიციური კადრების გადინებასთან დაკავშირებით და რა გეგმები აქვს ამ მიმართულებით, მამუკა ბახტაძე განმარტავს, რომ ეს ზოგადი ტრენდია და მნიშვნელოვანია, რომ სწორედ კერძო სექტორი ქმნიდეს სამუშაო ადგილებს.

„ზოგადად, ბოლო პერიოდის სტატისტიკაში იზრდება სხვაობა კერძო და საჯარო სექტორს შორის. ეს ტენდენცია მხოლოდ საქართველოში არ არის. ეს არის ზოგადად იმ ქვეყნების სტატისტიკა, სადაც ეკონომიკა ვითარდება. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ნამდვილად უნდა ვიყოთ ფოკუსირებული, რომ მაღალი დონის პროფესიონალები შევინარჩუნოთ სახელმწიფო სექტორში. ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კერძო სექტორი ქმნიდეს უპირველესყოვლისა, სამუშაო ადგილებს, მათ შორის მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს. ჩვენი კონცეფცია არის მცირე მთავრობა. ჩვენ გვჭირდება მცირე, მაგრამ ეფექტური მთავრობა, რომელიც ჩვენს მოსახლეობას საუკეთესო სერვისებს შესთავაზებს. ამიტომ ჩვენ უნდა ვისაუბროთ ხარისხზე, სერვისებზე და რა რესურსია საჭირო, რომ ეს სერვისები დამკვიდრდეს საქართველოში - ასე უნდა შევხედოთ საკითხს“, - განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის თქმით, საჯარო სექტორიდან მაღალკვალიფიციური კადრების გადინება ხდება. მიზეზი კი ანაზღაურებაა.