საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 500-მდე ვეტერანია - რა შეღავათებით სარგებლობენ ომში მონაწილეები

დღეს, ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავი აღინიშნება.

დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღე, თბილისში, ტრადიციულად, ვაკის პარკში აღინიშნება, სადაც როგორც უშუალოდ ომის ვეტერანები, ისე ხელისუფლების, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები თუ რიგითი მოქალაქეები მიდიან და უცნობი ჯარისკაცის საფლავზე ყვავილები მიაქვთ.

დღეს საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 492 მონაწილე ცხოვრობს, აქედან 99 ქალია. დედაქალაქში კი 190 ვეტერანია რეგისტრირებული.

ყოველი წლის 9 მაისისთვის სახელმწიფო ვეტერანებს ერთჯერადად ეხმარება. წელსაც საქართველოს რეგიონებში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის 300 ვეტერანისთვის სოციალური მომსახურების სააგენტო 600 ლარის ოდენობით ერთჯერად ფულად დახმარებას გასცემს, ხოლო, ომში დაღუპულთა ოჯახის 209 წევრისთვის - 300 ლარს.

თბილისის მერია კი თბილისში რეგისტრირებულ ომის ვეტერანებს დაეხმარება 600 ლარით, ხოლო მარჩენალდაკარგულებს 300 ლარს გადასცემს.

გარდა ერთჯერადი დახმარებებისა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, სამამულო ომის ვეტერანები სახელმწიფოსგან სხვადასხვა სახის დახმარებებს იღებენ.

მთლიანობაში, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები მინიმუმ, იღებენ 404 ლარს. აქ შედის ასაკობრივი პენსია, 180 ლარიანი დანამატი და 44 ლარის საყოფაცხოვრებო სუბსიდია.

გარდა ამისა, 3 ათასი ლარიდან 6 ათას ლარამდე საშემოსავლო გადასახადი არ იბეგრება.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა კი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთათვის სპეციალურ პაკეტს ითვალისწინებს.

სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში ვეტერანებისათვის მოქმედებს დამატებითი სამედიცინო მომსახურების პროგრამა, რომლის ფარგლებში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს შეუძლია სამედიცინო მომსახურების დაფინანსება 1500 ლარამდე და მედიკამენტების დაფინანსება 500 ლარამდე მიიღოს.

გარდა ამისა, იმ ავტობუსებით, სადაც მგზავრობის ფასის გადახდა ელექტრონული აღმრიცხველი საშუალებების გამოყენებით ხორციელდება, ვეტერანი 50%-იანი ფასდაკლების უფლებით სარგებლობს. ასევე მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს პასპორტისა და ბიომეტრიული პასპორტის უფასოდ აღების შესაძლებლობა აქვთ.

ლიკა ამირაშვილი