პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა თბილისში ჰაერის მდგომარეობის შესახებ თემატური მოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა.
ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პრობლემაზე რეაგირების მიზნით, კომიტეტმა 2018 წელს დაიწყო პარლამენტის ისტორიაში პირველი თემატური მოკვლევა, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. სამუშაო ჯგუფი საქართველოს პარლამენტის ყველა პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენლისგან შედგებოდა.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, თემატური მოკვლევისას მიღებული ცნობებით, ასევე, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ თბილისში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მთავარი მიზეზი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვია. ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი წყაროა „ყვითელი ავტობუსები“, რომელთა ძირითადი ნაწილი სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.
„თბილისის მერიის განცხადებით, 2019 წლის ბოლომდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ახალი, თანამედროვე საშუალებებით ჩანაცვლდება. ზეპირი მოსმენებისას გაურკვეველი დარჩა, არსებობს თუ არა ძველი, ე.წ. ყვითელი ავტობუსების უტილიზაციის გეგმა.
„ყვითელი ავტობუსების“ ძირითადი ნაწილი სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს და ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი წყაროა. ამდენად, ჩანაცვლების შემდეგ ეს უვარგისი ავტობუსები მოხმარებიდან უნდა ამოიღონ (თუ შეკეთებას არ ექვემდებარებიან) და არ გადაიტანონ საქართველოს სხვა ქალაქებში,“- ნათქვამია ანგარიშში.