3 ან მეტი ავტომობილის მფლობელ ოჯახებს შესაძლოა, სპეციალური გადასახადის გადახდა მოუწიოთ

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა თბილისში ჰაერის მდგომარეობის შესახებ თემატური მოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პრობლემაზე რეაგირების მიზნით, კომიტეტმა 2018 წელს დაიწყო პარლამენტის ისტორიაში პირველი თემატური მოკვლევა, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. სამუშაო ჯგუფი საქართველოს პარლამენტის ყველა პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენლისგან შედგებოდა.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, თემატური მოკვლევისას მიღებული ცნობებით, ასევე, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ თბილისში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მთავარი მიზეზი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვია.

დოკუმენტის მიხედვით, თემატური მოკვლევისას გამოთქმული მოსაზრებით, 5 წელზე ძველ ავტომობილებს განბაჟების უფრო მკაცრი პირობები უნდა დაუწესდეს, რაც განბაჟების გადასახადის ზრდასაც მოიცავს. ასევე, ჯგუფს მიზანშეწონილად მიაჩნია მაღალი მოსაკრებლის დაწესება დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილებზე.

ამასთან, მოკვლევისას გამოითქვა ინიციატივა, რომ ერთ ოჯახში 3 და მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალების ფლობა დამატებითი მოსაკრებლით განისაზღვროს.

ცნობისთვის, კომიტეტის მიერ წარმოდგენილი ანგარიში აანალიზებს ჰაერის დაბინძურების ძირითად წყაროებს, (ტრანსპორტი, მშენებლობა, ბუნებრივი მტვერი, საბურავები, აზბესტის შემცველი ხუნდები და სხვა), აფასებს სამართლებრივი რეგულირების სისტემას და გამოკვეთს ახალი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნის აუცილებლობას. ამასთან, განიხილავს ჰაერის დაბინძურების ჯანმრთელობაზე ზეგავლენასა და ასაბუთებს ამ მიმართულების პრიორიტეტულობას, წარმოადგენს საუკეთესო პრაქტიკისა და თანამედროვე მიდგომების მაგალითებს.

თაია არდოტელი