ლოს-ანჯელესის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა ახალი გეგმა, რომლის შესაბამისადაც, ქალაქის ქუჩებში 2050 წლისთვის მხოლოდ ელექტრომობილებმა უნდა იმოძრაოს. ეს არის ლოს-ანჯელესის მერ ერიკ გარჩეტის დიდი გეგმის ნაწილი, რომლის მიზანიც, ქალაქში გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესება და მისი მწვანე ენერგიაზე გადაყვანაა.
ამავე გეგმის შესაბამისად, 2025 წლისთვის ქალაქში მოსიარულე ავტომობილების 25 პროცენტი ელექტრომობილი უნდა იყოს. 2035 წლისთვის ელექტრომობილების წილი 80 პროცენტამდე უნდა გაიზარდოს.
და ეს ყველაფერი არაა - ინტერნეტ გამოცემა „ელექტრივ“ წერს, რომ 2028 წლისთვის ყველა სასკოლო ავტობუსი ნულოვანი გამონაბოლქვის აგრეგატებით უნდა იყოს აღჭურვილი, 2034 წლისთვის კი მსგავსი ლიმიტი კომერციულ ავტომობილებსაც შეეხება. ამავე გეგმით, ქალაქის ფარგლებში აშენდება სწრაფად დასამუხტი 20 პლაზა. გარდა ამისა, 2028 წლისთვის ქალაქის ტაქსოპარკში მხოლოდ ელექტრომობილები უნდა შედიოდს.
ლოს-ანჯელესის მერის ოფისი ასევე მუშაობს იმაზე, რომ შეამციროს ქალაქის მცხოვრებელთა ყოველდღიური გადაადგილების საშუალო მანძილი. ამჟამად ეს მანძილი 24 კილომეტრია. 2025 წლისთვის ის 20.9 კილომეტრამდე უნდა შემცირდეს, 2035 წლისთვის კი - 14.4 კილომეტრამდე. ამ მიზნის მისაღწევად, განვითარდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელი. ქალაქში დაწესდება ეგრეთ წოდებული საცობების მოსაკრებელი, რომელსაც ქალაქის გარკვეულ (ყველაზე გადატვირთულ) უბნებში მოძრაობისას გადაიხდიან.
ქალაქის დიდი მწვანე გეგმის შესაბამისად, 2035 წლისთვის ქალაქში აშენებული ყველა ახალი შენობა კარბონ-ნეიტრალური უნდა იყოს. 2050 წლისთვის კი ყველა შენობა, ნულოვანი გამონაბოლქვის ტექნოლოგიებით უნდა აღიჭურვოს.