"გაუარესებული საინვესტიციო მდგომარეობა და სხვა მონაცემები მიუთითებს, რომ არსებული ტემპები და ეკონომიკური პოლიტიკა არ პასუხობს 21-ე საუკუნის მიდგომებს"

ვფიქრობ, გაუარესებული საინვესტიციო მდგომარეობა და სხვა მონაცემები კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ არსებული ტემპები, პრიორიტეტები და ეკონომიკური პოლიტიკა არ პასუხობს 21-ე საუკუნის მიდგომებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის დირექტორმა ნინო ევგენიძემ ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრის კომენტირებისას განუცხადა.

ნინო ევგენიძე აცხადებს, რომ სტრუქტურული რეფორმებია საჭირო, რათა მაღალი ეკონომიკური ზრდა იქნას მიღწეული.

„ბოლო 6-7 წელია ეკონომიკური ზრდის ტემპი არც ერთ წელს არ მაკმაყოფილებდა. ის, რომ რეგიონში, მეზობელ ქვეყნებზე უკეთ გამოვიყურებით, არ ნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და განვითარების კარგი ტემპი გვაქვს. თუ მიზნად დავისახავთ ეკონომიკური ზრდის მოკლე დროში მიღწევას, ეს იმასაც ითვალისწინებს, რომ გადაიჭრას სტრუქტურული პრობლემები და განისაზღვროს რა არის მთავრობის ნომერ პირველი პრიორიტეტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი დაპირება ეკონომიკური ზრდის თაობაზე კიდევ ერთ ლამაზ სურვილად დარჩება“, - განაცხადა ნინო ევგენიძემ.