ქართული პროდუქტი რუსეთში 10-20%-ით გაძვირდება

მეღვინეები ფრთხილობენ, წყლის კომპანიებში გამოსავალს ეძებენ...

როგორც გაზეთი ”რეზონანსი” წერს, რუსეთში ქართული პროდუქტი 5-დან 18 პროცენტამდე დაიბეგრება. ახალი საბაჟო გადასახადი ძალაში თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შეჩერებისთანავე შევა. სატარიფო შეზღუდვა რუსულ ბაზრებზე ქართულ პროდუქციას გააძვირებს და მის რეალიზაციას შეამცირებს.

რუსეთის მიმართულებით ექსპორტი ამ დრომდე საკმაოდ გააქტიურებული იყო, განსაკუთრებით ღვინისა და მინერალური წყლების ხარჯზე. 2014 წლის იანვარ-მაისში ღვინის ექსპორტმა მსოფლიოს 32 ქვეყანაში 22 779 153 ბოთლი (0,75 ლ) შეადგინა, რაც 147%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს. წყლების ექსპორტში კი ზრდა 125%-მდეა.

მთლიანად რუსეთში საქართველოს ექსპორტმა, 2014 წლის პირველ ნახევარში, 134 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 3.2-ჯერადი ზრდაა შარშანდელ პერიოდთან შედარებით. ”საქსტატის” ინფორმაციით, 2014 წლის პირველ ნახევარში რუსული ბაზრის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 9.4% შეადგინა.

რუსეთის ბაზარზე მოსალოდნელმა ცვლილებებმა ქართული წყლების კომპანიები დააბნია. ამ ბიზნესის წარმომადგენლები პრესასთან ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. მათ გასაანალიზებლად დრო სჭირდებათ, რათა შეიმუშაონ ახალი სტრატეგია, რის შესაბამისადაც იმოქმედებენ.

ღვინის ეროვნულ სააგენტოში ქართული პოდუქციის შესაძლო გაძვირებაზე უკვე ალაპარაკდნენ, თუმცა ფასი რამდენით მოიმატებს, უახლოეს პერიოდში დაზუსტდება. როგორც უწყებაში აცხადებენ, ექსპორტი რუსეთის მიმართულებით ჩვეულებრივ გაგრძელდება, მაგრამ მიდგომა შეიცვლება.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე პაატა ჭავჭანიძე არ გამორიცხავს, რომ საექსპორტო პროდუქტის გაძვირებამ კონკურენციის შესუსტება გამოიწვიოს.

”რუსეთის გადაწყვეტილება ჩვენთვისაც მოულოდნელი სიახლეა და ამ პროცესის შეფასება გვიჭირს. ცხადია, საბაჟო მიდგომა შეიცვლება და გამარტივებული სავაჭრო ურთიერთობა რუსეთთან არ გვექნება. აქამდე თუ ნულოვანი დაბეგვრა გვქონდა, ღვინო და ალკოჰოლური სასმელები, როგორც კი ცვლილებები ძალაში შევა, 5-დან 18 პროცენტამდე დაიბეგრება. ბუნებრივია, ცვლილება რუსეთში ქართული პოდუქტის ფასზეც იმოქმედებს. ეს გარდაუვალია, თუმცა მაქსიმალურად შევეცდებით, რომ საფასო სხვაობა არ იყოს მნიშვნელოვანი და მომხმარებლის შენარჩუნება შევძლოთ.

ვშიშობთ, რომ კონკურენცია შესუსტდება, რისი ალბათობაც დიდია. 2014 წლის ბოლომდე ექსპორტის მნიშვნელოვან ზრდას ველოდით. დღემდე ამ პოზიციაზე ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ვარდნა არ მოხდეს. კომპანიებიც სათანადოდ არიან მობილიზებულნი. რუსეთის მხრიდან რისკი თავიდანვე შეფასდა, ამ მხრივ პრობლემებს არ ველოდებით”, - აცხადებს პაატა ჭავჭანიძე.

ქართული ღვინის კომპანიებში მოსალოდნელ საფასო ცვლილებებზე საუბრობენ. ”კახეთის ტრადიციული მეღვინეობის” გენერალური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, რუსეთთან დაბეგვრის ახალი რეჟიმის პირობებში კომპანიებს ფასის გადახედვა მოუწევთ.

”ფასის ცვლილება მოხდება და საბოლოო ჯამში, ღვინო გაძვირდება. ჩვენ ყველამ კარგად ვიცოდით, რომ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების შემდგომ მოსალოდნელი იყო მსგავსი ქმედება რუსეთის მხრიდან. ფაქტობრივად, კრემლმა დაასწრო მოვლენას, ვიდრე საქართველო ისარგებლებდა ევროკაშვირის ქვეყნებთან 2014 წლის 1-ლი სექტემბრიდან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით და დაბეგვრის ახალი წესი შემოგვთავაზა. ფასის გადახედვა მოგვიწევს, ჩვენც და სხვებსაც. შესაბამისად, ეს შეამცირებს კომპანიის მოგებას და სამომავლო პროექტების განვითარებას. ნაადრევია და რთულია პროგნოზის გაკეთება”, - აცხადებს ჩხაიძე.

მისი ინფორმაციით, რუსეთში ექსპორტისას ქართული პროდუქციის დაბეგვრა, დაახლოებით, ისეთივე რეჟიმში მოხდება, როგორც იქ ევროკაშვირიდან ექსპორტირებული პროდუქცია იბეგრება:

”ჩვენ აქამდე გვქონდა თავისუფალი ვაჭრობა, რომელიც 1994 წელს გაფორმდა ამ ქვეყანასთან. პროდუქცია არ იბეგრებოდა. ახლა, 17 სექტემბრიდან მოვყვებით დაბეგვრის რეჟიმში და საშუალოდ ეს არის 20%. თუმცა ჯერ ზუსტად არავინ იცის, გადასახადი რამდენი იქნება, მიდის მსჯელობა”,- ამბობს ჩხაიძე.

კომპანია ”შუხმანის” წარმომადგენლის, ნუცა აბრამიშვილის განცხადებით, რუსეთის ბაზარზე ექსპორტს საფრთხე არ შექმნია და ამ ეტაპზეც შეუფერხებლად ხორციელდება.

”არანაირი პრობლემა არ გვაქვს. არ ყოფილა კორუფციული გარიგებების მცდელობა. კომპანიის რეალიზაციაში რუსეთის ბაზარს უჭირავს 40%. 15-ზე მეტ ქვეყანაში გაგვაქვს პროდუქცია და საკმაოდ დიდი არეალი გაგვაჩნია - ევროპა, აზია და ამერიკა, ბალტიისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნები. ქართული ღვინის პირველადი ბაზრები არის პოსტსაბჭოთა ქვეყნები, სადაც ჩვენს ღვინოს კარგად იცნობენ. კომპანიის სტრატეგიაა, რომ 2015 წლიდან მოვახდინოთ ბაზრების დიფერენციაცია და შევამციროთ რუსეთის წილი”,-აცხადებს აბრამიშვილი.

ქართული პროდუქტისთვის საფრთხეს ვერ ხედავს ეკონომიკის სფეროს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი. მისი თქმით, ანალოგიური ნაბიჯები რუსეთმა უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებაშიც გადადგა და ამ ქვეყნებთან სავაჭრო კავშირი გაართულა.

”რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის გართულებას არ გამოვრიცხავდით. ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერისკენ სწრაფვას რუსეთმა ასე უპასუხა, მთავარია, ამას დასჯერდეს და სხვა საფრთხე არ შეგვიქმნას. ეს გადაწყვეტილება ექსპორტს რუსეთში ვერ შეაჩერებს, თუმცა უარყოფითი გავლენა ნამდვილად ექნება. პირველ რიგში, პროდუქტი რუსულ ბაზარზე დაბეგვრის რეჟიმში გადავა და გარკვეულ სატარიფო შეზღუდვას დაექვემდებარება. არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამით საქართველოს ეკონომიკას მნიშვნელოვანი რისკი შეექმნება. მით უმეტეს, ქვეყნისთვის მნიშვნელოვნად რჩება ევროპის ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობა და ბიზნესმენებს ამ მიმართულებით მეტი გააქტიურება მოუწევთ”, - აცხადებს ცისკარიშვილი.

მარი ჩიტაია

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”