რუსეთიდან შემოსული პროდუქციის წილი დაახლოებით 5%-ია

”საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, დატოვებს თუ არა, რუსეთთან ლიბერალურ რეჟიმს”

რუსეთი საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას წყვეტს, მაგრამ ჯერ უცნობია, რა გადაწყვეტილებით უპასუხებს რუსეთის ამ ნაბიჯს საქართველოს ხელისუფლება. მომხმარებელს კი ყველაზე მეტად ის აინტერესებს, რა წილი უკავია ადგილობრივ ბაზარზე რუსულ პროდუქციას და შესაძლებელია თუ არა მისი გაძვირება მნიშვნელოვნად აისახოს სამომხმარებლო კალათის ფასზე.

ირაკლი ლექვინაძე, ეკონომიკის ექსპერტი: ”თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება გულისხმობს, რომ თუ აქამდე ქართული პროდუქტი რუსეთში შესვლის პროცესში საბაჟო შეღავათებით სარგებლობდა და იბეგრებოდა ნულოვანი საპროცენტო განაკვეთით, ახლა უკვე ის დაიბეგრება იმ სატარიფო მაჩვენებლით, რასაც რუსეთი აწესებს იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც არ აქვს თავისუფალი ურთიერთობის რეჟიმი. ბუნებრივია ეს ნიშნავს ქართული პროდუქტის, დაახლოებით 20 %-ით გაძვირებას რუსულ ბაზარზე.

აღნიშნული ხელშეკრულების გაუქმება, თავისთავად ნიშნავს, რომ რუსული პროდუქციაც დაიბეგრება იმ საბაჟო ბარიერებით, რომლებიც საქართველოში მოქმედებს იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც თავისუფალი ვაჭრობა არ გვაქვს. თუმცა, საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, დატოვებს თუ არა რუსეთთან ლიბერალურ რეჟიმს. რუსეთიდან შემოსული პროდუქტის წილი დაახლოებით, 5%-ია, ძირითადად, კვების პროდუქტები შემოდის და ეს კვების პროდუქტებზე იმოქმედებს”.

თამარ კორკოტაშვილი