„ტექინსპექტირების სამი ცენტრის დაკავებული თანამშრომლების საქმეზე, „სატრანსპორტო კომპანიის“ თანამშრომლების მიერ რაიმე სახის დანაშაულის ჩადენა არ გამოვლენილა"

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, პირველადი ტექნიკური ინსპექტირების სამი ცენტრის დაკავებული თანამშრომლების საქმეზე, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ თანამშრომლების მიერ რაიმე სახის დანაშაულის ჩადენა არ გამოვლენილა. როგორც საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის თანამშრომლები ყალბ დასკვნებს გასცემდნენ იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც რეალურად გაუმართავი იყო.

„თბილისში მდებარე პირველადი ტექნიკური ინსპექტირების სამი ცენტრის დაკავებული თანამშრომლები ავტომანქანების ტექნიკური ინსპექტირების ჩატარების დროს, არაჯეროვნად ასრულებდნენ თავიანთ სამსახურებრივ მოვალეობებს და ტექნიკურად გაუმართავ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გასცემდნენ ყალბ დადებით დასკვნებს. შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ თანამშრომლების მხრიდან, რაიმე სახის ჩარევას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, მათი მხრიდან დანაშაულებრივი ქმედება ან რაიმე სახის გადაცდომა არ გამოვლენილა.

საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება - გასაღებისა და გულგრილობის ფაქტებზე, საგამოძიებო სამსახურმა დაკავება მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელა. პირველადი ტექნიკური ინსპექტირების თანამშრომლებს ბრალი წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის და 220-ე პრიმა მუხლების პირველი ნაწილებით, რაც გულისხმობს გულგრილობას და ყალბი ოფიციალური დოკუმენტიის დამზადება - გასაღებას“, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.