რა ქონებას ფლობს ეკონომიკის მინისტრის ახალი მოადგილე, რომელიც ერთ-ერთ მაღალანაზღაურებად მოხელედ ითვლებოდა

ეკონომიკის მინისტრის ერთ-ერთ ახალ მოადგილედ, კერძოდ, ენერგეტიკის სფეროში დავით თვალაბეიშვილი დაინიშნა.

ცნობისთვის, თვალაბეიშვილი აქამდე „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტს, მანამდე კი „გაზისა და ნავთობის კორპორაციის“ გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა. აღსანიშნავია, რომ თვალაბეიშვილი ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მოხელედ ითვლებოდა.

რაც შეეხება მის ქონებას, 2019 წლის 28 მარტს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ის ფლობს 87 კვ. მეტრი ფართობის ბინას თბილისში. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე ჯამში, 34 442.65 ლარი, 101 508,64 დოლარი, ნაღდი ფულადი თანხის სახით კი, 16 500 ევრო ჰქონდა. ამასთან, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, გასულ წელს ქონების გადასახადის სახით თვალაბეიშვილმა 3 085,58 ლარი გადაიხადა.

დავით თვალაბეიშვილი მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. მისი მეუღლე ფლობს 110 კვ. მეტრი ფართობის არასაცხოვრებელ ფართს თბილისში. მის საკუთრებაშია ასევე მსუბუქი ავტომობილები - Hyundai Tucson და Toyota Rav4.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშზე 4 800 ლარი ჰქონდა. თვალაბეშვილის მეუღლე ინდმეწარმედ არის დარეგისტირებული. როგორც დოკუმენტაციაშია აღნიშნული, ამ საქმიანობით მისმა წლიურმა შემოსავალმა 31 080 ლარი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად მუშაობისას კი 2 500 ლარი შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ დავით თვალაბეიშვილი სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ რეაბილიტაციის მმართველად / მმართველთა საბჭოს თავმჯდომარედ 2018 წლის ოქტომბერში დაინიშნა.