"ენერგო-პრო ჯორჯია": ბოლო ხუთი თვის განმავლობაში 212 სოფელი გამრიცხველიანდა

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, ინდივიდუალური გამრიცხველიანება ეტაპობრივად მიმდინარეობს.

კომპანიის ინფორმაციით,  2014 წლის მარტიდან დღემდე სს "ენერგო-პრო ჯორჯიამ" გაამრიცხველიანა 32 338 აბონენტი. კერძოდ, გასული ხუთი თვის განმავლობაში ევრო სტანდარტების შესაბამისი ინდივიდუალური მრიცხველები დამონტაჟდა 212 სოფელში, ინვესტიციის მოცულობამ კი შეადგინა 8 084 500 ლარი.

"ამჟამად მრიცხველების მონტაჟი და ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს კიდევ 93 სოფელში, რაც საერთო ჯამში მოიცავს 9 472 აბონენტს. მიმდინარე სამუშაოები რამდენიმე თვეში დასრულდება. ზოგადად, ინდივიდუალური გამრიცხველიანება ჩვენი კომპანიისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული პროექტთაგანია. ჩვენი ტექნიკური სამსახური მაქსიმალურად ცდილობს სამუშაოები წარმართოს ეფექტურად, რაც გვეხმარება აბონენტების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში", - განაცხადა ს.ს. "ენერგო-პრო ჯორჯიას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ავთო დვალიშვილმა.

"ენერგო-პრო ჯორჯიას" მომსახურების არეალში, გამრიცხველიანებასთან ერთად აქტიურად მიმდინარეობდა სარეაბილიტაციო სამუშაოებიც.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ქსელის რეაბილიტაცია საგრძნობლად გამოასწორებს ელექტრომომარაგებას, მაგრამ ის მთლიანად ვერ გამორიცხავს უამინდობის ან სხვა მიზეზის გამო გამოწვეულ გათიშვებს. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად კომპანია მომავალშიც განაგრძობს ფიდერებისა და მაღალი ძაბვის ქვესადგურების რეაბილიტაციას.