„შარშან ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტმა 1 მილიარდი შეადგინა"

„შარშან ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტმა 1 მილიარდი შეადგინა, მაგრამ ჩვენ კიდევ უფრო წარმატებული ვიქნებოდით, რომ არა უდიდესი გამოწვევა აზიური ფაროსანას სახით,“ - ამის შესახებ პრემიერ- მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში აგროსაინვესტიციო ბიზნესფორუმის გახსნაზე განაცხადა. მისი თქმით, წელს სახელმწიფომ 10-ჯერ გაზარდა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის შესაძლებლობები და როგორც ბახტაძემ აღნიშნა, ამ პრობლემის საბოლოოდ გადასაჭრელად ეს გარდამტეხი წელი იქნება.

მისი თქმით, აზიურმა ფაროსანამ განსაკუთრებით დააზიანა ეს კუთხე.

„ძალიან ბევრი ფერმერი აღმოჩნდა ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე. სამწუხაროდ, არც საქართველოში და არც საერთაშორისო მასშტაბით არ არსებობდა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის წარმატებული გამოცდილება, მაგრამ ჩვენ, ამ პერიოდის განმავლობაში, თქვენთან ერთად, ჩამოვყალიბდით ბრძოლის ყველაზე ეფექტურ მექანიზმზე. იცით, რომ წელს ჩვენ 10 ჯერ გავზარდეთ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის შესაძლებლობები. დარწმუნებული ვარ სწორედ წელს იქნება გარდამტეხი წელი, სადაც თითოეული ჩვენგანი დარწმუნდება, რომ ჩვენ ამ პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ მოვაგვარებთ,“ - განაცხადა ბახტაძემ.