დღეს დილით თბილისის მეტროში მორიგი შეფერხება იყო.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მეტროპოლიტენის პრესსამსახურში განუცხადეს, მეტროსადგურში „სამედიცინო უნივერსიტეტი“ ტექნიკური ხარვეზის გამო, საჭირო გახდა მატარებლის მგზავრებისგან დაცლა. მათივე განმარტებით, აღნიშნული მატარებლის ხაზიდან მოხსნის გამო, გადაადგილებას შორის ინტერვალი გაიზარდა, რამაც მეტროს სხვადასხვა სადგურებზე მგზავრთა გადატვირთულობა გამოიწვია.
„მეტროსადგურ „სამედიცინო უნივერსიტეტზე“ ტექნიკური ხარვეზის გამო, მოძრავ შემადგენლობას შეფერხება ჰქონდა. ამიტომ ინსტრუქციის თანახმად, საჭირო გახდა მისი ჩიხში გადაყვანა. აღნიშნული მეტროს ვაგონები დაიცალა მგზავრებისგან და ერთი მატარებლის ხაზიდან მოხსნის გამო, გადაადგილებას შორის ინტერვალი გაიზარდა. მეტროში მოძრაობა არ გაგვიჩერებია, უბრალოდ პიკის საათი იყო და მაგ დროს ბევრი მგზავრია მეტროში,“ - განაცხადეს მეტროპოლიტენის პრესსამსახურში.