იანვარ-აპრილში საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.3%-ით გაიზარდა

2019 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3 860.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 2.3 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 1 133.4 მლნ აშშ დოლარი იყო (17.9 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 2 726.7 მლნ აშშ დოლარი (3.1 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვარ-აპრილში 1 593.3 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.3 პროცენტი შეადგინა.