„აზარტული თამაშების რეკლამის შეზღუდვის კანონპროექტის ჩავარდნასთან დაკავშირებით, პარლამენტის ხელმძღვანელობიდან იყო წმინდა ინტერესი გამოხატული,“ - ამის შესახებ, პარლამენტის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში Newsroom-ი განაცხადა.
„თუ არ ვცდები „ალმა+“- ს აქვს რეკლამებზე მონოპოლია და პირდაპირ გეტყვით, რომ „ალმას“ წარმომადგენლები დადიოდნენ დეპუტატებთან, განსაკუთრებით პარლამენტის თავმჯდომარესთან და სთხოვდნენ, რომ რაღაცნაირად შევეზღუდე საკანონმდებლო წინადადებაში. როდესაც უმრავლესობა დავტოვე, ეს მარტივად გამოუვიდათ და კანონპროექტი ჩავარდა, შესაბამისად, ღრმად ვარ დარწმუნებული, ეს მათი ინტერესების გამო მოხდა. იმან, რომ საკანონმდებლო ორგანო სახალხო დაკვეთის წინააღმდეგ წავიდა და კონკრეტული კომპანიის ინტერესი გაითვალისწინა, გააჩინა განცდა, რომ პარლამენტში ნებისმიერი საკითხი შეიძლება იყიდოს ადამიანმა.
„რაც შეეხება სამომავლო გეგმას, კანონპროექტს ახალი სახე მივეცი. მამუკა მდინარაძე ამბობდა, რომ ისინი დაარეგისტრირებდნენ საკანონმდებლო პაკეტს ამ მიმართულებით, თუმცა თუ მათ არ გააკეთეს, კვლავ ახლიდან დავარეგისტრირებ აზარტული თამაშების შეზღუდვასთან დაკავშირებულ ინიციატივას.
უკვე ისე დამძიმდა სიტუაცია, რომ ტელევიზიებში გაჩნდა რეკლამები. ერთი თვეა, რაც ყოველდღიურ რეჟიმში დაიწყეს რეკლამები და მადლობა თქვენ კომპანიას, რომ უარი თქვით აზარტული თამაშების რეკლამების განთავსებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ალბათ 70%-ს თქვენ წაიღებდით, რადგან ინტერნეტ სივრცეში ყველაზე ძლიერი თქვენი კომპანიაა,“-განაცხადა გოგიჩაიშვილმა.