კახეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. საავტომობილო გზის იმ მონაკვეთებზე, სადაც მეწყერი ჩამოწვა, შესაბამისი ტექნიკა მუშაობს.
თელავის მუნიციპალიტეტის მერის შოთა ნარეკლიშვილის ინფორმაციით, პირველადი მონაცემებით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი ოთხ მილიონ ლარზე მეტია.
შოთა ნარეკლიშვილის თქმით, რამდენიმე სოფელს კვლავ არ მიეწოდება სასმელი წყალი და მოსახლეობას სასმელ წყალს რეზერვუარით აწვდიან. პრობლემის მოგვარებას კი, მეწყრული პროცესები აფერხებს.
"ამ ეტპაზე ყველზე პრობლემურ ადგილებში მუშაობს ტექნიკა, ჯერ კიდევ არის ისეთი მონაკვეთები, სადაც წყლის დონე მაღალია და ნაპირსამაგრ სამუშაოებს ვერ ვიწყებთ. ზარალი საკმაოდ დიდია, ამ დროის მონაცმებით, მხოლოდ თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 4 მილიონს აჭარბებს. ჯერ კიდევ უწყლოდ არის დარჩენილი მოსახლეობის ნაწილი, რადგან წყლის სათავეებამდე მისვლას ვერ ვახერხებთ. ასევე პრობლემურია ფშაველი-ლეჩურის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი, რომელიც მდინარე სტორმა დაანგრია. ტექნიკა ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს, თუმცა ველოდებით დამატებით ძალებს", - აღნიშნა შოთა ნარეკლიშვილმა.
ამასთან, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი სამხარეო ადმინისტრაციაში დღეს, 16:00 საათზე სტიქიასთან ბრძოლის საკითხებზე ბრიფინგს გამართას. მანამდე ირაკლი ქადაგიშვილი საბანკო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდება და სტიქიისგან დაზარალებული მოსახლეობისთვის აგროსესხების გადავადებათან დაკავშირებულ შუამდგომლობებს განიხილავს.