მარკ ცუკერბერგი Facebook-ის გაყოფის წინააღმდეგ გამოვიდა

კომპანია Facebook-ის ხელმძღვანელი მარკ ცუკერბერგი, კომპანიის გაყოფის წინააღმდეგ გამოვიდა. ამის შესახებ მან France Info-სთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ცნობილია ხუთშაბათს გაზეთმა The New York Times-მა გამოაქვეყნა მასალა რომლის ავტორიც Facebook-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი კრის ჰიუზი იყო. ის აცხადებდა, რომ ცუკერბერგს მთელს მსოფლიოში გადაჭარბებული ძალაუფლება აქვს, მათ შორის ამომრჩეველზე ზეგავლენაც.

„როცა წავიკითხე რაც მან დაწერა, პირველ რიგში ვიფიქრე, რომ რასაც ის გვთავაზობს, პრობლემას ვერ გადაჭრის. ვფიქრობ, თუ თქვენ გადარდებთ დემოკრატია და არჩევნები, ისურვებდით იყოს ისეთი კომპანია, როგორიც ჩვენია, რომელსაც არჩვენებზე ზეგავლენის წინააღმდეგ ბერკეტების შესაქმნელად მილიარდობით დოლარის ჩადება შეუძლია,“ - განაცხადა ცუკერბერგმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ წელს კომპანიის ბიუჯეტი უფრო მეტად არის უსაფრთხოებაზე მიმართული, ვიდრე წინა წლებში.

„ჩვენ ამის მიღწევა გარკვეულ დონემდე შეგვიძლია, რადგან წარმატებული ბიზნესი გვაქვს. თქვენთვის ცნობილია, რომ ჩვენ უსაფრთხოებაზე იმაზე მეტს ვხარჯავთ, ვიდრე სხვა ნებისმიერი კომპანია“ - განაცხადა ცუკერბერგმა.

ამასთან, ის ირწმუნება, რომ ჰიუზის მიერ სტატიაში წამოწეული საკითხები ძალიან სერიოზულია.

„რეალური პრობლემაა მავნე კონტენტის არსებობა, ასევე ის, თუ როგორ დავიცვათ ზუსტი ბალანსი სიტყვის თავისუფლებასა და უსაფრთხოებას შორის, რომელიც წინ აღუდგება არჩევნებზე გავლენას და პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებას“ - განაცხადა ცუკერბერგმა.

კოკა კვირკველია