„ჩვენ გვაქვს ასოცირების ხელშეკრულება, უვიზო მიმოსვლა ევროპაში, მაგრამ საქართველო იმსახურებს მეტს"

ბრიუსელში ძალიან მნიშვნელოვან გზავნილებს გავაჟღერებთ, რომ საქართველო იმსახურებს მეტს და ეს არის ყველას პოზიცია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ბრიუსელში გამგზავრებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მთავრობამ მოამზადა ინიციატივები, რომელიც გულისხმობს უფრო მეტ ინტეგრაციას ევროკავშირთან და მის ყველა ინსტიტუტთან, აქედან გამომდინარე, პრემიერის თქმით, მათ აქვთ ძალიან მნიშვნელოვანი მოლოდინები, რომ საქართველო შეძლებს კონკრეტული გზავნილები მიიღოს ევროპელი მეგობრებისგან.

„დღეს იწყება ჩვენი ვიზიტი ბრიუსელში, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართება. აღვნიშნავთ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წელიწადს, ამ პერიოდის განმავლობაში საქართველომ ძალიან მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრი რეფორმა გავატარეთ და ჩვენი ევროპელი პარტნიორები აღიარებენ, რომ საქართველო არის ლიდერი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობაში. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური გადაწყვეტილებები არ მიიღება ამ კონფერენციაზე, ჩვენ რა თქმა უნდა, გვექნება ბევრი მნიშვნელოვანი შეხვედრა, ჩვენ გავაჟღერებთ ძალიან მნიშვნელოვან გზავნილებს, რომ საქართველო იმსახურებს მეტს და ეს არის ყველას პოზიცია. ჩვენ გვაქვს უკვე ასოცირების ხელშეკრულება, ჩვენ გვაქვს უვიზო მიმოსვლა ევროპაში, მაგრამ საქართველო იმსახურებს მეტს და აქედან გამომდინარე ბუნებრივია, ჩვენ მოვამზადეთ ინიციატივები, რომელიც გულისხმობს უფრო მეტ ინტეგრაციას ევროკავშირთან, მის ყველა ინსტიტუტთან. მომზადებულია მნიშვნელოვანი დოკუმენტი, გზამკვლევი ევროკავშირისკენ, რომლის პრეზენტაციაც ჩვენ 2 თვის წინ გავაკეთეთ, აქედან გამომდინარე ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი მოლოდინები, რომ ჩვენ შევძლებთ კონკრეტული გზავნილები მივიღოთ ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.