15 მაისს პარლამენტში, დეპუტატთა ჯგუფის მიწვევით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია მივა.
ქობულიასთან შეხვედრა 13:00 საათზე, პარლამენტის კინოდარბაზში გაიმართება. ყოფილი მინისტრის პარლამენტში მიწვევასთან დაკავშირებით დეპუტატებს ინფორმაცია უმრავლესობის ყოფილმა წევრმა ლევან კობერიძემ მიაწოდა.
„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, დეპუტატების გარკვეულმა ჯგუფმა ეკონომიკის ყოფილ მინისტრს გიორგი ქობულიას წერილი გავუგზავნეთ და პარლამენტში, ღია ფორმატში მოსვლა შევთავაზეთ. შეხვედრა გაიმართება პარლამენტარებთან, ვისაც დააინტერესებს საქმიანობა, რაც გიორგი ქობულიამ რვა თვის განმავლობაში გასწია და დააინტერესებს ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებით მისი ხედვები. დაგროვდა ბევრი კითხვა. შეხვედრა გაიმართება ხვალ, 13:00 საათზე, კინოდარბაზში“, - განაცხადა ლევან კობერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
ამასთან, კობერიძემ პარლამეტის აპარატის უფროსს გივი მიქანაძეს მიმართა, რომ საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, შეხვედრა უზრუნველყოს ისე, “როგორც ეს პარლამენტს შეეფერება“.
“გავცვლით მოსაზრებებს ყოფილ ეკონომიკის მინისტრთან და დავინახავთ, რა ხედვები ჰქონდა მას ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ლევან კობერიძემ.