ევროკავშირმა საქართველოში ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული კიდევ ერთი ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის მიზანია, დაეხმაროს საქართველოს ნარჩენების მართვის სისტემის შემდგომ განვითარებაში საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მოთხოვნებისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით.
უწყების ცნობით, პროექტი სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგება: ნარჩენების მართვის პრაქტიკის გაუმჯობესება მუნიციპალიტეტებში; მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმატიული აქტების განხორციელებისა და მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულების სისტემის დანერგვის ხელშეწყობა; ნარჩენების შესახებ მონაცემების ინტეგრირებული მართვის ეროვნული სისტემის შექმნა.
პროექტი მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების გაძლიერებას უზრუნველყოფს ნარჩენების მართვის მუნიციპალური სამოქმედო გეგმებისა და ნარჩენების მართვის სისტემაში მათი ამოცანების შესრულების კუთხით (მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება, სახიფათო ნარჩენები და სხვ.), ასევე დაეხმარება შესაბამის უწყებებს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების სისტემის ჩამოყალიბებაში, ხოლო დაინტერესებულ მხარეებს - აღნიშნული სისტემის პრაქტიკულად განხორციელებაში. პროექტი, ასევე, ხელს შეუწყობს ნარჩენების მართვის ინტეგრირებული ინფორმაციული სისტემის შემდგომ განვითარებას და გააანალიზებს ნარჩენების მართვის ეროვნულ სტრატეგიას ცირკულარული ეკონომიკის ჭრილში, მომავალში ნარჩენების, როგორც რესურსის გამოყენების უზრუნველსაყოფად.
ამასთან, ახალი ინიციატივა საქართველოს ნარჩენების მართვის დარგში ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებასა და გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების შემცირებაში დაეხმარება. პროექტს დანიური კომპანია NIRAS A/S ახორციელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის პირველ შეხვედრაზე ხატია წილოსანმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარასმა, ატაშემ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის კავშირების, ენერგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებების სექტორის კოორდინატორმა, და პროექტის გუნდმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სხვა პროექტების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებს წარუდგინეს პროექტი და განიხილეს დაგეგმილი ღონისძიებები.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ და ევროკავშირმა 2014 წელს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივი დღის წესრიგის ფარგლებში, ხელი მოაწერეს სქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას. ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება, და მისი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ნაწილი, ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის.
რაც შეეხება გარემოსდაცვით სფეროს, საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება თითქმის ყველა გარემოსდაცვით მიმართულებას მოიცავს, მათ შორის, მრავალმხრივი გარემოსდაცვითი შეთანხმებების შესრულებას, გარემოსდაცვით მმართველობას, ჰაერის ხარისხის დაცვას, წყლის ხარისხს და წყლის რესურსების მართვას, ნარჩენების მართვას, ბუნების დაცვას, სამრეწველო დაბინძურებას და სამრეწველო საფრთხეებს, ქიმიური ნივთიერებების მართვას, კლიმატსა და ტყეს.
ევროკავშირი, საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად, ზრუნავს გარემოს გაუმჯობესებაზე ქვეყანაში გარემოსდაცვითი მმართველობისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობის გზით. ნარჩენების მართვის სექტორში ევროკავშირი საქართველოს დაეხმარა საკანონმდებლო და პოლიტიკური ჩარჩოს შექმნაში, შესაძლებლობების გაძლიერებაში, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე და ფართო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში, რითიც ხელს უწყობს ნარჩენების გადაყრის პრაქტიკიდან რესურსების ხელახლა გამოყენებასა და რეციკლირებაზე გადასვლას. ევროკავშირი განაგრძობს აღნიშნულ დარგში საქართველოს დახმარებას.