სოფლის მეურნეობის პროექტში „დანერგე მომავალი“, დაფინანსებისა და ხელშეწყობის კუთხით, ცვლილებები შევიდა.
კერძოდ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, თანამედროვე ტიპის, ინტენსიური ბაღების მეტ ფართობზე განთავსების მიზნით, გაიზარდა როგორც დასაფინანსებელი კომპონენტების, ისე თანხის რაოდენობა.
მთავრობის სხდომაზე მიღებული დადგენილების მიხედვით, ბაღების გასაშენებელი ფართობი მცირდება და ნაცვლად 1 ჰექტარისა, დაფინანსდება 0,5 ჰექტარის ტერიტორიაც.
ასევე ბაღების კომპონენტში, 1 ბენეფიციარზე მაქსიმალური თანადაფინანსების ოდენობა, ნაცვლად 100,000 ლარისა, არაუმეტეს 250,000 ლარით განისაზღვრა.
გარდა ამისა, თუკი მანამდე დაფინანსება ვრცელდებოდა მხოლოდ ნერგების და სარწყავი სისტემის შეძენაზე, დაემატა სეტყვის დამონტაჟებაც.
კერძოდ, ფინანსური დახმარება ითვალისწინებს პოტენციური ბენეფიციარებისათვის მიზნობრივი ფულადი დახმარების გამოყოფას თანადაფინანსების სახით, როგორც მრავალწლიანი კულტურების ნერგების შეძენის, ასევე, წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის და ბენეფიციარის სურვილის შემთხვევაში, შუა და საყრდენი ბოძების შეძენის ან/და სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების მოწყობის მიზნით.
ამასთან, ბაღების კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდება შესაძენი ნერგების ღირებულების არაუმეტეს 70%, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში, არაუმეტეს 80%.
დადგენილების თანახმად, ბაღების კომპონენტის ფარგლებში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დაუფინანსდებათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობა მისი ღირებულების არაუმეტეს 50%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 250 ლარისა 0,5 ჰა-ზე, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში - არაუმეტეს 60%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 1 500 ლარისა 0,5 ჰა-ზე.
გარდა ამისა, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დაუფინანსდებათ სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების მოწყობის ღირებულების არაუმეტეს 50%, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში - არაუმეტეს 60%.
ცვლილებების თანახმად, ასევე პროგრამაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, მრავალწლიანი ბაღის გაშენების შემდგომ, დაუფინანსდებათ შესაძენი შესაწამლი აპარატების ღირებულება წარმოდგენილი ინვოისის ან/და შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე, მაგრამ არაუმეტეს 5 000 ლარისა.
სანერგე კომპონენტის ნაწილში, ნაცვლად 50%-იანი თანადაფინანსებისა დაფინანსდება პროექტის ჯამური ღირებულების 70%, არაუმეტეს 500 000 ლარისა.
ცვლილებები შევიდა ასევე კენკროვანი კულტურების ქვეკომპონენტში, რომელიც ითვალისწინებდა ლურჯი მოცვის, მაყვლის და ჟოლოს ინტენსიური ბაღების გაშენების დაფინანსების კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში. ცვლილებების თანახმად, კენკროვანი კულტურების გაშენება შესაძლებელია დაფინანსდეს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში, გარდა თბილისის, რუსთავის, ქუთაისის, ბათუმისა და ფოთისა.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, პროექტის მიზანია, მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით, საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტიანი გამოყენება, რის შედეგადაც, მოხდება იმპორტირებული პროდუქციის ქართული პროდუქციით ჩანაცვლება, გაიზრდება ექსპორტი, გაადვილდება გადამამუშავებელი საწარმოების ნედლეულით უზრუნველყოფა და გაუმჯობესდება სოფლად მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.
შეგახსნებეთ, რომ პროექტის „დანერგე მომავალი“ განხორციელება 2015 წლის მარტში დაიწყო.