უკრაინის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ქვეყნის წამყვან ბანკებთან და ინვესტორებთან შეხვედრაზე მათ საინვესტიციო და საბანკო საქმიანობაში გარანტიები მისცა.
„ვლადიმერ ზელენსკიმ დაგვარწმუნა, რომ როგორც პრეზიდენტი, ის იქნება ყველა მსხვილი ინვესტორის გარანტი. ახლადარჩეულმა ხელისუფალმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ პრიორიტეტულად თვლის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობის გზით, ასევე ფინანსთა სამინისტროსთან თანაშრომლობითა და გაწონასწორებული პოლიტიკით საჯარო ფინანსებთან“ - წერია ზელენსკის გუნდის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.
გარდა ამისა, უკრაინის არჩეულმა პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა საბანკო სექტორის მოსაზრებას, რომ სასამართლო რეფორმა არის ქვაკუთხედი ინვესტიციების მოსაზიდად. ის ასევე მომხრეა განხორციელდეს რეფორმა სახელმწიფო ბანკებში კორპორაციული მმართველობის სფეროში, რომელიც ხელს შეუწყობდა მათზე პოლიტიკური გავლენის შემცირებას. ზელენსკიმ ბანკებთან შეხვედრაზე იმედი გამოთქვა, რომ გაიზრდება საბანკო კრედიტებზე ხელმისაწვდომობა კორპორაციული ბიზნესისთვის.
შეხვედრას ესწრებოდნენ „ბანკი ავალის“, Pravex Bank - Intesa Sanpaolo-ს, Ukrsibbank - BNP Paribas-ს, Credit Agricole-ს, City Group-ს, SEB, Piraeus-ს, Credit West Bank-ს, ProCredit Bank-ს, Alfa Bank-ს და Deutsche Bank-ს წარმომადგენლები.