უცხოეთში საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის ფაქტები განუხრელად მატულობს.
ევროპის ქვეყნებიდან ქართველებს უკვე ყოველდღიურად აძევებენ. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ხალხი ქვეყნიდან სიღარიბესა და უმუშევრობას გაურბის, თუმცა ძალიან ცოტას უმართლებს. მარტო მარტში ისრაელიდან, თურქეთიდან და გერმანიიდან 190 ადამიანი გამოაძევეს. ცხადია, რომ წლის ბოლომდე ეს მაჩვენებელი მკვეთრად გაიზრდება და რამდენიმე ათასს მიაღწევს, თუმცა კონკრეტულად რამდენით, ამის პროგნოზს დღეს ვერავინ აკეთებს.
რეალურად ხალხს მთავრობა ვერაფერს სთავაზობს, სიტუაცია კი ძალიან მძიმდება, რასაც ადასტურებს "საქსტატის" მონაცემებიც, რომლის მიხედვითაც, 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, მიგრაციის დონემ 16%-ით მოიმატა. კერძოდ, შარშან საქართველოს 100 000-მდე მოქალაქე საზღვრებს გარეთ გაიქცა. შესაბამისად, გაუარესებულია მიგრაციის სალდოც, რომელიც სტაბილურად უარყოფითია. რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი მიდის ემიგრაციაში, ვიდრე უკან ბრუნდება და ბოლო მონაცემებით, ამ ციფრმა 11 000 შეადგინა.
რაც შეეხება დეპორტაციის ფაქტებს, 2019 წლის მარტში საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქე ისრაელიდან გამოაძევეს. მეორე ადგილზეა თურქეთი, მესამე კი - გერმანია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის კვეთის სტატისტიკის თანახმად, 2019 წლის მარტში საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქის დეპორტაცია ისრაელიდან (78), თურქეთიდან (67), გერმანიიდან (45) და ავსტრიიდან (21) მოხდა. მათ მოსდევს საფრანგეთი (14 მოქალაქე), რუსეთი (10), ესპანეთი (10), იტალია (9), შვეიცარია(8). მარტში საქართველოს 5-5 მოქალაქე გამოაძევეს პოლონეთმა, ბელგიამ, საბერძნეთმა და ფინეთმა. საქართველოს ყველაზე ნაკლები (1-1) მოქალაქის დეპორტირება მოხდა აშშ-დან, უკრაინიდან და ბელორუსიდან.
2019 წლის მარტში ქვეყნიდან 281 019 საქართველოს მოქალაქე გავიდა. წინა თვეში საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებიდან ყველაზე ხშირად გერმანიაში მიემგზავრებოდნენ. გერმანიაში წასული საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა 6056 იყო. მას მოსდევს საბერძნეთი, სადაც 3730 ადამიანი გაემგზავრა, მესამე ადგილზე კი პოლონეთია (3185).
სტატისტიკიდან ჩანს, რომ ევროპაში არალეგალები უკვე მასობრივად იდევნებიან, ხოლო იმ ქვეყნებში, სადაც დასაქმება ჯერ კიდევ შესაძლებელია, მწირი ანაზღაურების გამო მუშაობა აზრს კარგავს. შეიძლება ითქვას, რომ არც გამოსავალი ჩანს. სამშობლოში თუ შორეულ ემიგრაციაში, ყველა გაძლებაზეა, მაგრამ ცალკე პრობლემაა ისიც, რომ ამ ადამიანების გაჭირვებით ნაშოვნი ფული სამშობლოში უყაირათოდ იხარჯება.
მიგრაციის ცენტრის დირექტორი გიორგი გოგიშვილი"ბიზნეს-რეზონანსთან" ადასტურებს, რომ ქართველ ემიგრანტებს პრობლემა აქვთ ყველგან, სადაც არალეგალურად უწევთ ცხოვრება.
"კონტროლი დაწესდა და სამომავლოდ შეზღუდვა კიდევ უფრო გამკაცრდება. ჩვენს მოქალაქეებს ევროპის ქვეყნებში თავშესაფარს უკვე ნაკლებად აძლევენ. ქართველები კი ცდილობენ, როგორმე დარჩნენ ქვეყნებში, მაგრამ მათი აღმოჩენის შემთხვევაში, მომენტალურად დეპორტაცია ხდება, რის გამოც გაიზარდა სტატისტიკა და სამომავლოდ კიდევ მოიმატებს.
ჩემი აზრით, წლის ბოლომდე კიდევ ბევრ ქართველს გამოაძევებენ და ეს ტენდენცია მზარდი იქნება. საქმე ისაა, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად არის აღიარებული და თავშესაფრის მიღებას ჩვენი მოქალაქეები ბოლო დროს იშვიათად ახერხებენ. ძალიან რთულია თქვა, რა უნდა გააკეთოს გამოძევებულმა ადამიანმა, მაგრამ ჰაერში ნამდვილად ვერ ჩამოეკიდება. ყველა ჩვენგანი, ვინც აქ ცხოვრობს, მეტ-ნაკლებად ახერხებს თავის გატანას. არის გამონაკლისიც, როცა უკიდურესად უჭირთ, მაგრამ ხალხს თავი ასე თუ ისე მაინც გააქვს.
როცა უცხოეთში წასული ემიგრანტების მდგომარეობის შესახებ ვიგებთ, ხშირად ეს მიმზიდველიც ჩანს, ვხედავთ მხოლოდ შედეგს და პროცესი, რის ფასად შოულობენ ემიგრანტები ფულს, ჩვენთვის უცნობია. რეალურად ეს თანხა შეიძლება მძიმე ცხოვრების შედეგად მოაგროვონ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ უცხოეთში ემიგრანტების შრომის ხანგძლივობა დღეში 14 საათია, ხოლო ამ ფონზე შემოსავალი არც ისე დიდია. აქცენტი უნდა გაკეთდეს იმაზე, ვიცოდეთ საკუთარი რესურსი და ამის შესაბამისად ვცადოთ დასაქმება საქართველოშივე", - ამბობს გოგიშვილი და დასძენს, რომ დღეს ქვეყნიდან წასული ადამიანებისთვის არანაირი ტენდენცია არ იკვეთება გარდა იმისა, რომ სამშობლოში დაბრუნდნენ და ამისთვის საფუძველი შეამზადონ.
"ბოლო რამდენიმე წელია, ქართველები ვეღარ მიდიან ევროპაში ან თუ მიდიან, მალევე აძევებენ. შესაბამისად, ვერც სამუშაოს იწყებენ. დასაქმების პერსპექტივა თითქმის აღარ არის. ფინანსური კრიზისის გამო ყველაზე მეტად ჩვენს თანამემამულეებს რუსეთში, უკრაინაში, საბერძნეთსა და თურქეთში უჭირთ. ამ ქვეყნებში მათ დასაქმების პრობლემას ადგილობრივების მხრიდან უნდობლობაც უქმნით.
რაც შეეხება ისრაელს, გერმანიას, ესპანეთს და კიდევ რამდენიმე ქვეყანას, არალეგალებისთვის ცხოვრება ბოლო ხანს წარმოუდგენლად გართულდა, რადგან მიგრანტები მასიურად იდევნებიან. ამდენად, ქართველ ემიგრანტებს უკვე პრობლემა აქვთ ყველგან, სადაც არალეგალურად უწევთ ცხოვრება.
ფინანსურმა პრობლემამ, რაც ბევრ სახელმწიფოს დაატყდა, სამუშაო ადგილები გააქრო. მართალია, უჭირთ რუსეთშიც, მაგრამ ცხოვრება იქ შედარებით მარტივია, რადგან ჩვენები ამ ქვეყანას კარგად იცნობენ, იციან ენაც და იქ ცხოვრება, ფინანსური პრობლემის ფონზეც უადვილდებათ. იგივე შემიძლია ვთქვა უკრაინაზეც, თუმცა, პოლიტიკური დაძაბულობის გამო, ქვეყნის ზოგიერთ პროვინიციაში ქართველების დარჩენა უკვე საკმაოდ გაძნელდა.
ამიტომ ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება იქნება, თუკი ჩვენი თანამემამულეები სამშობლოში დაბრუნდებიან და უცხოეთში გაკეთებული დანაზოგით რამე საქმეს წამოიწყებენ. ეს შეიძლება იყოს ბიზნესი ან პროფესიული გადამზადება და სხვა. ამ მხრივ დღეს საქართველოში საკმაოდ დიდი არჩევანია", - ამბობს გიორგი გოგიშვილი.
დეპორტაციის სტატისტიკის ზრდას ვარაუდობს "ღია საზოგადოება საქართველოს" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძეც.
"სტატისტიკა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დაემორჩილებიან ჩვენი არალეგალები იმ ქვეყნის კანონმდებლობას, სადაც იმყოფებიან. შესაბამისად, თუ გაფრთხილების ვადებს გაითვალსიწინებენ და დროულად დატოვებენ ქვეყანას, დეპორტაციის შემთხვევები შემცირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაიზრდება.
ძალიან ძნელი სათქმელია, როგორ შეიძლება შეიცვალოს სიტუაცია და რა სტატისტიკა გვექნება წლის ბოლოს, ამაზე ვერაფერს გეტყვით. პრობლემაა ის, რომ ჩვენი მოქალაქეები საქართველოში დასაქმების პერსპექტივას ვერ ხედავენ. აქედან გამომდინარე, საკუთარი ნებით არავინ ჩამოვა. ეს კი გვავარაუდებინებს, რომ დეპორტაციის ფაქტები გახშირდება, განსაკუთრებით ევროკავშირის ქვეყნებში.
თავშესაფართა მაძიებლები დღესდღეობით ყველაზე მეტნი საფრანგეთში არიან, ამიტომ ვფიქრობ, იქ ყველაზე მეტად მოიმატებს გამოძევების შემთხვევები. საერთოდ კი რომელიმე ქვეყნის გამოყოფა ძალიან გამიჭირდება, რადგან პრობლემა ქართველებს შეექმნებათ ყველგან, სადაც არალეგალურად ცხოვრობენ",- განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ვანო ჩხიკვაძემ.
მარი ჩიტაია
გაზეთი „რეზონანსი"