"დედაქალაქში არსებული ფიჭვების 90% უმძიმეს მდგომარეობაშია და მათ გადამდები დაავადება აქვს"

დედაქალაქში არსებული ფიჭვების 90% უმძიმეს მდგომარეობაშია და მათ გადამდები დაავადება აქვს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ხეების სანიტარული ჭრის პროცესი გაგრძელდება, დაავადებული ხეების ნაწილს კი ახალი მეთოდებით უმკურნალებენ.

კახა კალაძემ მოადგილეს, მაია ბითაძეს სთხოვა ინფორმაციის წარდგენა, რა მდგომარეობაა ამ მიმართულებით, როგორ ხდება სანიტარული ჭრები და რა იგეგმება ამ მიმართულებით.

„მგონია, რომ ეს მარტო თბილისის პრობლემა არ არის, სხვადასხვა რეგიონებშიც, მგონია, გვაქვს ანალოგიური პრობლემები. მე ფოტოებს გაჩვენებთ, უბრალოდ გული შეგიწუხდებათ ისეთი მდგომარეობაა",- განაცხადა კალაძემ და ფოტოები წარმოადგინა, სადაც ხეების მდგომარეობა იყო ასახული.

„აქ კარგად ჩანს, შიგნით როგორ არის ეს მატლები თუ ხოჭოები, რაღაც საშინელებაა. უმძიმეს მდგომარეობაშია, გარედან შეხედავ, ვითომ არაფერი, თუმცა როგორც კი შიგნით გახსნი, აი უმძიმესი მდგომარეობაა და ასე არის დაზიანებული ფაქტობრივად, თბილისში არსებული თითქმის ყველა ფიჭვი.

ეს პრობლემა უნდა მოვაგვაროთ, საკმაოდ სერიოზული გამოწვევაა ეს ქალაქისთვის, საკმაოდ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, თუმცა ამ პროექტით, ვფიქრობ, ჩვენ შევძლებთ რისი გადარჩენაც არის შესაძლებელი გადავარჩენთ, თუ არადა აუცილებლად უნდა მოიჭრას, რადგან შემდეგ შეიძლება სხვა ჯანსაღი ხეებიც დააზიანოს და ეს კიდევ დამატებითი პრობლემაა. როდესაც ჩვენ ჭრებს ვახორციელებთ, არ იფიქროს ვინმემ, რომ ისე დარჩება. რა თქმა უნდა, ჩვენ ახალ ხე-ნარგავებს დავრგამთ. ყველამ კარგად ვიცით, თუ როგორი მნიშვნელოვანია მწვანე სივრცეები, ჯანსაღი ხეები“, - განაცხადა კალაძემ.

თავის მხრივ, დედაქალაქის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ სხდომაზე აღნიშნა, რომ თბილისის მერია უახლოეს დღეებში ფერომონების დამონტაჟებას დაიწყებს. მისივე თქმით, პროცესი 3 წლის განმავლობაში გაგრძელდება.

"მდგომარეობა მართლაც მძიმეა და მართალი ბრძანეთ, რომ პრობლემა დგას არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელ საქართველოში პრაქტიკულად. ეს დაავადება 90-იანი წლებიდან გავრცელდა და სამწუხაროდ, ხდებოდა არასწორი პრეპარატების გამოყენება, სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებით ხდებოდა შეწამვლა, რაც დადასტურდა იმ კვლევებით, რომელიც ჩვენმა ესპანელმა პარტნიორებმა გაგვიკეთეს, რომ იყო აბსოლუტურად არაეფექტიანი. შესაბამისად, ჩვენ მთლიანად ვცვლით დამოკიდებულებას და ვფიქრობთ, რომ საქართველოსთვის უპრეცედენტო შესყიდვას ვიწყებთ უახლოეს დღეებში, რომელიც მომავალი 3 წლის განმავლობაში მთლიანად ახლებურ მეთოდებს დაამკვიდრებს სანიტარული ღონისძიებების კუთხით. არსებული დაავადებული ხეები მთლიანად ამოღებული იქნება გარემოდან, თუმცა მთავარი მიზანი არის ის, რომ დაავადების გავრცელების მარშუტი დავადგინოთ, რისი რესურსიც, სამწუხაროდ, ქვეყანას, არათუ თბილისს, ქვეყანას არ აქვს და შემოგვაქვს აბსოლუტურად ახალი მკურნალობის საშუალებები. ეს არის ინექციები, რომელიც საქართველოში ჯერ არ გამოყენებულა და, ვფიქრობ, რომ ის 3- წლიანი შესყიდვის ღონისძიებები, რაც ჩვენ განვახორციელეთ, ერთხელ და სამუდამოდ, არა მხოლოდ თბილისისთვის, არამედ საქართველოსთვის გადაჭრის ამ პრობლემას. ეს დაავადებული ხეები უნდა იქნეს ამოღებული და ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ჭრები და ასევე დარგვის ღონისძიებები",- განაცხადა ბითაძემ.