ვაკეში რამდენიმე ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობა დაწესდება - როგორ იმოძრავებს ტრანსპორტი ჭავჭავაძის გამზირის გადაკეტვის პერიოდში

ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაცია მაისის ბოლოს დაიწყება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, საგზაო სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება და გამზირიც ნაწილობრივ ჩაიკეტება, რომ მოსახლეობას და საზოგადოებრივ ტრანსპორტს გადაადგილებისას პრობლემა არ შეექმნას.

კერძოდ, სამუშაოების მიმდინარეობის პირველ ეტაპზე დაგეგმილია ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა ჭავჭავაძის გამზირზე, ვარაზისხევის ქუჩიდან ატენის ქუჩამდე მონაკვეთში.

მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის განმავლობაში, დროებით შეიცვლება ტრანსპორტის მოძრაობის სქემები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები. ამასთან, ვაკეში რამდენიმე ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობა დაწესდება, ხოლო ცალკეულ მონაკვეთებში არსებული ცალმხრივი მოძრაობის მიმართულებები შეიცვლება.

პირველ ეტაპზე, ცალმხრივი მოძრაობის მიმართულებები შეიცვლება: კეკელიძის, პეტრიაშვილის, ფალიაშვილისა და მირცხულავას ქუჩების მონაკვეთებზე.

ასევე, ცალმხრივი მოძრაობა დაწესდება: არაყიშვილის ქუჩის, ფალიაშვილისა და აბაშიძის ქუჩებს შორის მონაკვეთზე, აბაშიძის ქუჩაზე არაყიშვილიდან მრგვალი ბაღის მიმართულებით და ბარნოვის ქუჩა, მრგვალი ბაღიდან პეტრიაშვილის ქუჩამდე.

საზოგადოებრივი ტრანსპორტით უზრუნველსაყოფად, დიდი ტევადობის ავტობუსები N9, N21, N51 და N88 გმირთა მოედნიდან ვაკის მიმართულებით საბურთალოს გავლით იმოძრავებენ.

გარდა ამისა, დროებით დამოკლდება N61, N87 და N140 ავტობუსების მარშრუტები. ხოლო, N34 და N59 ავტობუსები და მიკროავტობუსები ჭავჭავაძის გამზირთან დასაკავშირებლად კეკელიძის, ფალიაშვილისა და მირცხულავას ქუჩებს გაივლიან.

თაია არდოტელი