"ალდაგმა" რეორგანიზაციის პროცესი დაასრულა

სადაზღვევო კომპანია "ალდაგმა" რეორგანიზაციის პროცესი დაასრულა და ჯანმრთელობისა და სიცოცხლისა და ქონების დაზღვევის მიმართულებები ერთმანეთისგან გამიჯნა.

კომპანიის ცნობით, რეორგანიზაციის შედეგად საქართველოს ბაზარზე შეიქმნა ჯანდაცვის ბიზნესი, მეორეს მხრივ, სიცოცხლისა და ქონებრივი რისკების დაზღვევის ბიზნესი. მათი განცხადებით, აღნიშნული საშუალებას მისცემს თითოეულ მიმართულებას, შემდგომი ზრდისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით, უფრო აქტიურად განავითაროს თითოეული მიმართულება და მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს მომსახურების ხარისხი.

ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებაზე სადაზღვევო კომპანია "იმედი L"-ი იმუშავებს, ხოლო სამედიცინო კორპორაცია "ევექსი" სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს. რაც შეეხება სიცოცხლისა და ქონების დაზღვევის ხაზს, ამ მიმართულებით სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" იმუშავებს.

"რეორგანიზაციის შედეგად, ჯანმრთელობის დაზღვევის ხაზი წარსდგება იმედი L-ის ბრენდით, რომელიც "ალდაგმა" 2012 წლის მაისში შეიძინა. "იმედი L" ბრენდის დაბრუნება ჯანმრთელობის დაზღვევის ბიზნესში მისმა დადებითმა რეპუტაციამ და მაღალმა ცნობადობამ განაპირობა. რებრენდინგი ასევე განიცადა სამედიცინო მომსახურების ბიზნესმაც, რომელიც მოიცავს "ჩემი ოჯახის" კლინიკას (794 საწოლი) და "უნიმედს" (1,143 საწოლი). აღნიშნული კლინიკები იმუშავებენ სამედიცინო კორპორაცია "ევექსის" სახელით, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით 36 კლინიკას აერთიანებს. სამედიცინო კორპორაცია "ევექსი", "ალდაგისა" და "იმედი L – სგან დამოუკიდებელ ბრენდს წარმოადგენს. აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებულია "ევექსის" ძლიერ და დამოუკიდებელ ბრენდად წარმოჩენის მიზნით", - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.