ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკის რებილიტაცია დასრულებულია და დღეს გაიხსნება. ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
თბილისის მერმა იმ სამუშაოების შესახებ ისაუბრა, რომელიც რეაბილიტაციის ფარგლებში განხორციელდა და აღნიშნა, რომ დედაქალაქის მთავრობის მიზანია მოწესრიგებული და გამართული თბილისის მშენებლობა, რაც ერთობლივი ძალისხმევით მიიღწევა.
„ჩვენ რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ ამ პარკის სრული რეაბილიტაცია და სამუშაოები უკვე არის დასრულებული. გუშინ მე პირადად ვიმყოფებოდი ადგილზე და გულწრფელად გეუბნებით, რომ ემოციებს ვერ ვმალავ ისეთი ლამაზი გამოვიდა, ისეთი გალამაზებულია იქ ყველაფერი. ამ პროექტის ფარგლებში არის ბავშვებისთვის ორი საბავშვო მოედანი, ძაღლებისთვის კონკრეტული ადგილი სასეირნოდ, ველობილიკები, სასეირნო, სავარჯიშო. ყოველ საღამოს, როცა არ უნდა მიხვიდეთ, პარკი არის სავსე სხვადასხვა ასაკის ადამიანებით, ზოგი ვარჯიშობს, ზოგი დარბის, ზოგი ბავშვს ასეირნებს. ეს გარემო, ეს სიტუაცია არის მართლაც ულამაზესი და მე გუშინ ვთქვი, ზუსტად ასეთი თბილისი და ასეთი საქართველო გვინდა, რომელიც იქნება ყველანაირად მოწესრიგებული და ყველანაირად გამართული თავისი ინფრასტრუქტურით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი შრომით, ჩვენი ძალისხმევით ამას აუცილებლად მივაღწევთ და გავაკეთებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა მოსახლეობა პარკის გახსნაზე მიიწვია და პარტნიორ კომპანიებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. კალაძის თქმით, მსგავსი პროექტებით ქალაქში არსებული ეკოლოგიური ვითარების შეცვლა შესაძლებელია.
„დღეს გვექნება ოფიციალურად ამ პარკის გახსნა, ასევე იქნება სტეფანეს კონცერტი. მობრძანდით თქვენი შვილებით, შვილიშვილებით და ერთად გავატაროთ ეს საღამო და ნახავთ, როგორი ლამაზი გამოვიდა ეს კონკრეტული პროექტი. ზუსტად ასეთი პარკები გვინდა გავაკეთოთ ქალაქში და ეს არის საჩვენებელი. თქვენ იცით, რომ ბევრი პროექტი უკვე დაწყებული გვაქვს. კიკვიძის პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, უხლოეს მომავალში ვაკის პარკის პროექტზე გვეყოლება გამარჯვებული, ასევე დიღმის ჭალების 10 ჰექტარ ტერიტორიაზე ვიწყებთ პარკის გაშენებას.
ჩვენი მთავარი გამოწვევა გახლავთ არსებული ეკოლოგიური პრობლემის მოგვარება და მოწესრიგება. ზუსტად ასეთი პროექტებით არის შესაძლებელი, რომ ეს ყველაფერი მოვაგვაროთ და მოვაწესრიგოთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.