თუკი დღეს ჩვენ სახელმწიფო მოხელეების ხელფასებში ეკონომიას ვაკეთებთ და ამით კვალიფიკაციის თვალსაზრისით კომპრომისზე მივდივართ, ათობით და ათასობით მეტს ვკარგავთ ცუდი ხარისხის გადაწყვეტილებებით, რასაც არაკვალიფიციური ხალხი იღებს, - ამის შესახებ პარლამენტში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ დეპუტატთა ჯგუფთან შეხვედრისას განაცხადა.
ქობულიამ ხაზი გაუსვა სახელმწიფო თანამდებობებზე მაღალი კვალიფიკაციის მენეჯერების ყოფნის მნიშვნელობას, რაც, მისივე თქმით, შედეგების მომტანია.
“ჩვენ კვალიფიციური მენეჯერები გვჭირდება, რაშიც დარწმუნებული ვარ. ეს მარტო საქართველოს გზა არ არის. ასეთი გზა ბევრმა წარმატებულმა ქვეყანამ განვლო, რომლებიც ათეული წლის წინ ჩვენს დღეში იმყოფებოდნენ“, - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.
ყოფილმა მინისტრმა ისიც დასძინა, რომ სახელმწიფო სექტორში ხელფასების ზრდა მოხელეთა რაოდენობის ზრდაში აისახა და არა ხარისხში.