დამსაქმებელთა ასოციაცია წევრი კომპანიების 25 წარმომადგენელს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ტრენერებად გადაამზადებს

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO/DANIDA) ეგიდით კორპორატიული სოციალური პასუხისმგელობისა და პასუხისმგებლიანი ბიზნეს ქცევის (CSR/RBC) შესახებ ტრენინგი გაიხსნა. ღონისძიებაზე უახლოეს მომავალში დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი კომპანიების 25 წარმომადგენლის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ტრენერებად გადამზადება დაანონსდა. ამის მიზეზად კი ბიზნეს წრეებში საკითხისადმი მზარდი მოთხოვნა და ინტერესი დასახელდა. დამსაქმებელთა ასოციაცია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის საერთაშორისო ტრენინგ ცენტრის (ITCILO) მხარდაჭერით განახორციელებს აღნიშნულ პროექტს.

„ორდღიანი ტრენინგი ხელს შეუწყობს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის წახალისებას დამსაქმებელთა ასოციაციის წევრებში, თავად ასოციაციის შიდა პოლიტიკისა და შესაბამისი აქტივობების დაგეგმვას ამ მიმართულებით და ზოგადად ბიზნეს სექტორში ცნობიერების ამაღლებას. უნდა აღვნიშნოთ, რომ საკითხი დამსაქმებელთა ასოციაციისთვის, როგორც ქვეყანაში ერთ-ერთი წამყვანი ბიზნეს გაერთიანებისთვის, მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და პასუხისმგებლიანი ბიზნეს ქცევა (CSR/RBC) ხელს უწყობს მდგრად განვითარებას ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი თვალსაზრისით,“ - განაცხადა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენელმა ელენე მახარაშვილმა.

ღონისძიება სოციალურმა პარტნიორებმა, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ, პროფესიული კავშირების გაერთიანების ვიცე-პრეზიდენტმა ეთერი მათურელმა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა მარიამ ჯაჯანიძემ და ILO-ს რეგიონული ოფისის დამსაქმებელთა უფროსი სპეციალისტი ვლადიმერ ჩუროვიჩმა გახსნეს.

გარდა ამისა, ტრენინგის ფარგლებში კომპანია „დიოს“ დამფუძნებელმა და დირექტორმა ირმა დაუშვილმა საკუთარი კომპანიის გამოცდილება კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ ბიზნეს სექტორს და სხვა დაინტერესებულ პირებს პრეზენტაციის სახით გაუზიარა.

ღონისძიება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.