აზერბაიჯანში შესვლა მხოლოდ საგარანტიოს გადახდით იქნება შესაძლებელი

”აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ჩვენი თხოვნა გაიზიარა და კიდევ ორი კვირით გადაიწია ამ კანონის ამოქმედებამ”

აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის, თეიმურაზ შარაშენიძის განცხადებით, იმის გამო, რომ საქართველოს მოსახლეობა არ იყო ინფორმირებული აზერბაიჯანის მიერ გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვებზე, ეს შეზღუდვები კიდევ ერთხელ გადავადდა.

როგორც შარაშენიძემ ჟურნალისტებს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში", ამბასადორიალის დაწყებამდე განუცხადა, აზერბაიჯანში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების შესახებ კანონი ძალაში პირველი აპრილიდან იყო შესული.

"აზერბაიჯანის ხელისუფლების კეთილი ნებით, შეზღუდვა პირველ აგვისტომდე გადავადდა. მაგრამ მოხდა გაუგებრობა, ყველა ჩვენი თანამოქალაქე არ იყო ინფორმირებული, ამიტომ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ჩვენი თხოვნა გაიზიარა და კიდევ ორი კვირით გადაიწია ამ კანონის ამოქმედებამ", - განაცხადა თეიმურაზ შარაშენიძემ.

მისივე თქმით, ეს კანონი ითვალისწინებს გადაადგილების შეზღუდვას და არა აკრძალვას. შეზღუდვა კი იმაში მდგომარეობს, რომ 2006 წლამდე გამოშვებული ავტომობილით საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შესვლის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი საგარანტიო თანხას დატოვებენ საზღვარზე, რომ მანქანა უკან დაბრუნდება, ან ექნებათ მიმწვევი აზერბაიჯანის მოქალაქის საგარანტიო წერილი.

"ეს არის აზერბაიჯანის შიდა კანონმდებლობა, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ", - განაცხადა ელჩმა.