ევროკომისიამ ბანკები საბითუმო სავალუტო ბაზარზე კარტელური გარიგებების გამო დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ დაჯარიმებულ ბანკებს შორის Barclays, The Royal Bank of Scotland, Citigroup, JPMorgan და MUFG არიან. საერთო ჯამში კი, გამოცემის ინფორმაციით, ისინი 1,07 მილიარდი ევროთი დაჯარიმდნენ.
როგორც ირკვევა, გარიგებაში მონაწილე ბანკები ფალსიფიცირებას 2007-დან 2013 წლამდე ეწეოდნენ. მათ საქმესთან დაკავშირებული გამოძიება კი 2013 წელს დაიწყო და რამდენიმე დღის წინ დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ ბანკებმა საბითუმო სავალუტო ბაზარზე 11 სხვადასხვა ვალუტაზე სამუშაოდ, მათ შორის აშშ-ის, კანადისა და ახალი ზელანდიის დოლარზე, 2 კარტელი შექმნეს.
ირკვევა, რომ სავალუტო ბაზრის ტრეიდერები ონლაინ-შეტყობინებების მეშვეობით ერთმანეთს საკუთარ გეგმას ამცნობდნენ და სავაჭრო სტრატეგიებს ერთად ადგენდნენ.
ამასთან, ევროკომისიამ 2 გადაწყვეტილება მიიღო. პირველის თანახმად, Barclays, The Royal Bank of Scotland, Citigroup და JPMorgan ჯამში, 811 მილიონი ევროთი დაჯარიმდნენ, მეორე გადაწყვეტილების მიხედვით კი, Barclays, RBS და MUFG 257 მილიონი ევროთი დაჯარიმდნენ.
მოამზადა ბექა ბერიაშვილმა