სურსათი გაიაფდა, ჯანდაცვა კი გაძვირდა

მიმდინარე წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ -0,6% შეადგინა.ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ინფლაციის მაჩვენებელზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე და აღნიშნულ ჯგუფში ფასები შემცირდა 2,1%-ით. ეს კი ივლისის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,62 პროცენტული პუნქტით აისახა. ასევე აღსანიშნავია ფასების კლება შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (-19,3%) და ხილი და ყურძენი (-9,4%).

კლების პარალელურად ფასები გაიზარდა ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფზე: საავადმყოფოების მომსახურება (1,7%), სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (0,5%).

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე ფასები გაიზარდა 3,4%-ით, რამაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 1,11 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. გასული წლის ივლისთან შედარებით, ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (10,7%-ით) და თევზეულზე (4,4%-ით). ამასთან, ფასები შემცირდა ზეთსა და ცხიმებზე (-4,9%-ით) და პურსა და პურპროდუქტებზე (-1,2%-ით). გასულ წელთან შედარებით გაძვირდა ჯანდაცვაც - 4,7%-ით და ტრანსპორტი - 3,6%-ით, რაც სტატისტიკოსების შეფასებით, პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლოატაციაზე ფასების ზრდით იყო განპირობებული.