საქართველოს ყოფილი პირველი ლედის ქონება - რა ქონებას ფლობენ მერობის და პარლამენტის წევრობის კანდიდატები

2019 წლის 19 მაისს, ზუგდიდის, ხულოს, მარნეულის, ზესტაფონისა და ჭიათურის მერების რიგგარეშე, ხოლო თბილისში, მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება.

ხუთ მუნიციპალიტეტში მერობისთვის ჯამში პარტიების მიერ წარდგენილი და დამოუკიდებელი 71 კანდიდატი იბრძვის: მათ შორის, 15-15 - ზუგდიდში, მარნეულსა და ზესტაფონში, 13-13 კი ხულოსა და ჭიათურაში. მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარობის 20 კანდიდატია დარეგისტრირებული.

ზუგდიდსა და მარნეულში მერის რიგგარეშე არჩევნების ჩატარება დღის წესრიგში ყოფილი მერების დაკავების, ხოლო ჭიათურაში, ხულოსა და ზესტაფონში მერების გადადგომის გამო დადგა. მთაწმინდის ოლქში კი პარლამენტის შუალედური არჩევნების საჭიროება ყოფილი მაჟორიტარის, სალომე ზურაბიშვილის საქართველოს პრეზიდენტად არჩევამ განაპირობა.

თანამდებობის პირთა თუ არჩევნებისას წარდგენილ კანდიდატთა კვალიფიკაცია, მათი ქონებრივი მდგომარეობა და ბიზნესწილები მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საკითხია, შესაბამისად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” წარმოგიდგენთ ინფორმაციას მერობის და პარლამენტის წევრობის კანდიდატებზე. „ბიზნესპრესნიუსი“ მათგან რამდენიმე განსაკუთრებით საინტერესო კანდიდატის შესახებ გთავაზობთ ინფორმაციას:

მთაწმინდის ოლქში რეგისტრირებული პარლამენტის წევრობის კანდიდატი ვლადიმერ კახაძე („ქართული ოცნება”) - საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზის თანახმად, ის უძრავ ქონებას არ ფლობს. ცნობისთვის, რადიოლოგი ლადო კახაძე 2008 წლიდან არის საქართველოს წმინდა ნინოს სახელობის ექიმთა საზოგადოების თავმჯდომარე; 2010 წლიდან გაერთიანებულია საქართველოს მწერალთა კავშირში და გამოცემული აქვს სამი კრებული; 2014 წლიდან იკავებს „განსაკუთრებული ჟურნალის“ ერთ-ერთი რედაქტორის პოზიციას.

მთაწმინდის ოლქში რეგისტრირებული პარლამენტის წევრობის კანდიდატი შალვა შავგულიძე („ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატები”) - ტაბახმელაში ფლობს ოთხი მიწის ნაკვეთს, რომელთა ჯამური ფართი 7000 კვ. მ.-მდეა. მის საკუთრებაშია ასევე: 246 კვ.მეტრი ფართობის ბინა თბილისში; ჯამურად 3589 კვ.მეტრის მიწის ნაკვეთები ამბროლაურში; 180 კვ.მეტრი ფართობის სახლი ამბროლაურში და სამი ავტოსადგური თბილისში. მასვე „თავისუფალი დემოკრატებისთვის“ ჯამურად, 5800 ლარი აქვს შეწირული.

მთაწმინდის ოლქში რეგისტრირებული პარლამენტის წევრობის კანდიდატი გრიგოლ გეგელია (დამოუკიდებელი კანდიდატი) - მის სახელზე უძრავი ქონება არ ფიქსირდება. ცნობისთვის, გეგელია რამდენიმე უნივერსიტეტში ასისტენტ-პროფესორისა და მიწვეული ლექტორის პოზიციებზე მუშაობს.

ზესტაფონის მერობის კანდიდატი გიორგი წულაია („თავისუფალი საქართველო”) - ბოლო წლებში პარტია „თავისუფალი საქართველოს“ შეუერთდა და იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელია. რაც შეეხება მის ქონებას, საჯარო რეესტრის მონაცემთა თანახმად, გიორგი წულაია ფლობს ბინას ქუთაისში.

ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია”) - მის მიერ 2016 წელს შევსებული დეკლარაციის თანახმად, ის და მისი მეუღლე, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფლობენ ერთ ბინას თბილისში, ორს კი ნიდერლანდების სამეფოში. მათსავე საკუთრებაშია მიწის ოთხი ნაკვეთი ყვარელსა და მცხეთაში.

ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”) - 2018 წლის ნოემბრიდან ის ზუგდიდის მერის პირველი მოადგილე იყო. გიორგი შენგელიას მიერ 2019 იანვარში შევსებული დეკლარაციის თანახმად, მისი მეუღლე ქსენია ბიგვავა ფლობს მიწის ორ ნაკვეთს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში. შენგელიას საკუთრებაშია ავტომობილი TOYOTA CAMRY HYBRID-ი, რომლის შესაძენადაც 2018 წელს 6 000 აშშ დოლარი გადაიხადა. ის ასევე ფლობს „ლიბერთი ბანკის” 54 875 ერთეულ ფასიან ქაღალდს, რომელთა შესაძენად 3 018 ლარი გადაიხადა.

თაია არდოტელი