აუდიტის სამსახურმა 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების ფინანსური აქტივობების მონიტორინგის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.
ანგარიშის მიხედვით, 20 მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით პერიოდში პოლიტიკური პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ ჯამში, მიღებულია 2,844,372 ლარის შემოსავალი, საიდანაც დაახლოებით 60%-ს შემოწირულებები შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში შემოსავლის სახით, ყველაზე მეტი - 1,847,089 ლარი „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო; მას მოსდევს „პატრიოტთა ალიანსი“ - 190,085 ლარი; მე-3 ადგილზეა - „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები“ - 183,548 ლარით; მე-4 პოზიციას კი „ნაციონალური მოძრაობა“ იკავებს, რომლის შემოსავალმაც - 148,242 ლარი შეადგინა. სხვა პარტიებსა თუ დამოუკიდებელ კანდიდატებს კი აღნიშნულ პერიოდში შედარებით, მცირე შემოსავალი აქვთ მიღებული.
აუდიტის სამსახურის ცნობით, პოლიტიკური პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ 20 მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით პერიოდში ჯამში, 1,903,023 ლარია დახარჯული, რაც ძირითადად რეკლამებსა და შრომის ანაზღაურებაზე ნაწილდება. ხარჯების კუთხითაც, ძირითადად 4 პარტია ლიდერობს.
ამასთან, აუდიტის სამსახურის ცნობით, ფიზიკური პირების მიერ განხორციელებული შემოწირულებების შესწავლის პროცესში შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილია ინფორმაცია მარტი-აპრილის პერიოდში განხორციელებული 76 ფიზიკური პირის შემოწირულებაზე. გარდა ამისა, მიმდინარეობს შესწავლა რვა იურიდიული პირის მიერ განხორციელებული შემოწირულების კანონიერების შესახებ.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საარჩევნო კამპანიის პერიოდში წინასაარჩევნო და გასულ პერიოდში განხორციელებულ ქმედებებზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ექვსი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე გადააგზავნა.
მათ შორის, სხვადასხვა დარღვევისთვის, „ქართულ ოცნებისთვის“ – 2 000 ლარიანი; „გირჩისთვის“ - ჯამში, 11 800 ლარიანი; „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობისთვის“ – 2 000 ლარის; ხოლო „სახელმწიფო ხალხისთვის“ – 3 000 ლარიანი სანქციის დაკისრების მოთხოვნით.